ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხით ხორციელდება ქვეყანაში.
„ინვესტიციის კუთხით არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, 6,5 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ასეთ დროს, როდესაც ახერხებენ სპეკულირებას, ეს არის ყველაფერზე მეტყველი ფაქტი. თავიდან „ლელომ“ აწია ეს კამპანია, მეორე არის „ალტინფო“. ჯერ ვიფიქრე, რომ „ლელო“ დაეშვა „ალტინფოს“ დონეზე, მერე ვიფიქრე, რომ „ალტ ინფო“ დაეშვა „ლელოს“ დონემდე, საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორივე არის ფსკერზე. ასეთია ამ ადამიანების რეალური სახე. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, 6,5 მილიარდ დოლართან დაკავშირებითაც ახერხებენ სპეკულირებას, გარკვეულ ეტიკეტებს იყენებენ ამასთან დაკავშირებით, თითქოს უცხოელების ქალაქები შენდება საქართველოში და ა.შ. ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება ბინის რეალიზაციას უცხოელებზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ავტომატურად იღებს საქართველოში ცხოვრების უფლებას. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ წლიურად 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ერთია ბინების რეალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ამ კონკრეტული მშენებლობის სექტორის განვითარებისთვის და მეორეა, ვინ იღებს და ვინ არ იღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ინვესტიცია ავტომატურად არ ნიშნავს ბინადრობის ნებართვას.
„ყველაფერს აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სასპეკულაციოარაფერია. სამარცხვინოა, რომ ვუსმენდი. მგონი, თავადაც რცხვენოდა ხაზარაძეს, როცა ლაპარაკობდა ასეთი სპეკულაციებით ამ პროექტთან დაკავშირებით. კაცი ბიზნესმენია, მას რეალურად ყველაზე კარგად ესმის, რომ არავითარი მინუსი არ აქვს ამ პროექტს და არის ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად მისი განვითარებისთვის და ასეთ დონემდე დაამდაბლეს, რომ ასეთი სპეკულაციებით ალაპარაკებენ 6,5 მილიარდ-დოლარიანინვესტიციაზე კაცს, რომელსაც ერთ დროს ერქვა ბიზნესმენი. სამარცხვინოა, „ლელო“ დაეშვა „ალტინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ -„ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, სინამდვილეში ეს არის ორივეს მდგომარეობა. რეალურად ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბობ მეიერთან ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, თუმცა არ გამოსდით, რაც ძალიან კარგია.
„ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს. აქედანაც ჩანს და შემდეგ არც რცხვენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პროექტი, რომელიც „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელდება, უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის სტიმულირებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ განვითარების სათანადო დონეს მიაღწიოს.
„ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ 9.4%-ზეა, 30%-დან არის შემცირებული 9.4%-მდე. ჩვენი ეკონომიკა წელს პირველად, გადააბიჯებს ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, მთლიანობაში გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. ეს არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას, რომ ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი და ცხოვრების დონე. ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე. ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება. ეს არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა. ამ პოლიტიკანებს არ გაუვათ ასეთი სპეკულაციები. დღეს სახელმწიფო არის სულ სხვა სიმაღლეზე და ყველგან იქნება დაცული ეროვნული ინტერესები. ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ყველგან იქნება უზრუნველყოფილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება, სადაც ეს შეესატყვისება ეროვნულ ინტერესებს. „იგლ ჰილსის“ პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
