"ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან..." - ირაკლი კობახიძე

ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა.

 


მისივე თქმით, თავისი შინაარსით ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური ძალები მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას თავი, რის მექანიზმსაც კონსტიტუცია ადგენს.

 


„ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. ხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა ტრიალებს ერთ ჩაკეტილ წრეში. არის კრიმინალური დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, რომელიც ქვეყანას არ აძლევს მოსვენების საშუალებას. ეს არიან ანტიდემოკრატიული, არაკონსტიტუციური ძალები თავისი შინაარსით, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა. რომ არ ყოფილიყო ეს აუცილებელი ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავიდოდით, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან. 

 

„სამწუხაროდ ასეთი რაღაც მოხდა. კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან, თუმცა მაინცდამაინც ქმედითი ეს რეაგირება არ იყო. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვხედავთ არაეთიკურ ქმედებებს კონკრეტული დიპლომატების მხრიდან, რაც მეტყველებს იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა ყველას აქვს. 

 

„ეს პარტია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად რასაც აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიცით. განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირი ფორმით ჩაერთვნენ პოლიტიკაში. რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იყო პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ეს იყო ყველაფერი არაკონსტიტუციური ქმედებები. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გამუდმებული საბოტაჟი, რასაც ისინი აწარმოებდნენ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიმართ. მათ ორჯერ თქვეს უარი პარლამენტის მანდატებით სარგებლობაზე, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და ისინი იყვნენ ჩართული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის არაერთ მცდელობაში. ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მე ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან. ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2020 და 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი. ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია ის პრობლემები, რომელიც აქვს შექმნილი დღეს ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.


„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. კონკრეტული  დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ექნება თავისი შეფასება. ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობს, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში ზუსტად ამ ტრაგიკული მდგომარეობის, სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული17,5%-მდე და წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი. არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც აქვს შექმნილი დღეს ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ, სუვერენიტეტის დაკარგვის გამო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, იმედი გვაქვს, რომ შემობრუნდება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს, - განაცხადა პრემიერმა.