"ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება" - პრემიერი

დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

„ქვეყანაში გადატრიალების ხუთი განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო.

ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

„არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ ბოლო - ოთხ ოქტომბერს საქართველოში მომხდარი გადატრიალების მცდელობამდე, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ძალადობრივად შეჭრილიყო პრეზიდენტის შენობაში, ევროკომისიის ოფიციალურმა სპიკერმა, პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა ამ აქციას სახელწოდებით „მშვიდობიანი გადატრიალება“. ასე რომ, ეს არის ფაქტები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც სამწუხაროდ უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირდაპირ დაუჭირა მხარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას და მკაფიო განცხადებები გააკეთა ოპოზიციის მხარდასაჭერად.

 

„ჩვენ გვაქვს ამ ტიპის განცხადებების ვიდეოჩანაწერები. ასევე, გვაქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების ვიდეოჩანაწერები, რომელიც პირდაპირ გამოხატავდა მხარდაჭერას. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირდაპირ დაუჭირა მხარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას. მან ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა ოპოზიციის მხარდასაჭერად და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. და შეესაბამება ეს დემოკრატიულ პრინციპებს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვხედავთ ამ ტიპის მოვლენებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს ევროკავშირში. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადადგა და იმედია, შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და გახდება უფრო სამართლიანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება.

 

„ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება - სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა USAID-ისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული FARA-ს კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას, ამიტომ ეს ჩვენთვის ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა”, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გარშემო რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

„ესენი არიან საქართველო და უკრაინა. ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. მათი პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთის ფედერაციას და არავინ აკრიტიკებს მოლდოვას, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტების გამო. მოლდოვა ამ დრომდე დსთ-ს წევრია. ჩვენ ვიცით, რომ დსთ არის მთავარი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ქოლგის ქვეშ და მოლდოვა კვლავ დსთ-ს წევრია და არავინ აკრიტიკებს მათ. თუ სავაჭრო მაჩვენებლებს გადავხედავთ, რუსეთის წილი საქართველოს ვაჭრობაში გაცილებით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც პროევროპულად ითვლებიან. ეს არის ფაქტები და დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციებია. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ზოგად ურთიერთობებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას და ყველაფერს ავიღებთ, ფაქტი ნულის ტოლია, არ არსებობს. ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, მოლდოველი პოლიტიკოსები, როგორიცაა მინისტრის მოადგილე, ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგს ეწვივნენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გასამართად. საქართველოში ეს ასე არ არის. და კიდევ ერთხელ, ფაქტი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო განცხადებები შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ. 

„ჩვენ ვამბობთ, პირადად მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით. წინა ადმინისტრაცია უკიდურესად აგრესიული იყო ქართველი ხალხისა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შეჩერებულიყო სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. კიდევ ერთხელ, ჩვენს ინტერესებშია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და რომ აშშ-ის მხრიდან, ზოგადად, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნების ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.


„ვფიქრობ, ეს სამშვიდობო შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბოლო 35 წლის განმავლობაში, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მეზობლებისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებია.  საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა ამ ქვეყნებთან გადამწყვეტ როლს თამაშობს მათი ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გვიხარია, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც უმნიშვნელოვანესია  ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად. ეს ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ახლა სამივე ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს და ეს მშვიდობისა და სამ ქვეყანას შორის შესანიშნავი თანამშრომლობის დამსახურებაა. ამიტომ, ჩვენ იგივე გზით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ეს არის საქართველოს ხედვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც იგი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა.

„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები ამას. რა თქმა უნდა, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. და ბოლოს, ხედავთ, რომ ქვეყანა, ძალიან კარგი ქვეყანა, მეგობრული ქვეყანა, უკრაინა, ახლა განადგურებულია. მათ უზარმაზარი პრობლემები აქვთ, არის ამდენი მსხვერპლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ეკონომიკა,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

კითხვაზე, აღიქვამს თუ არა საქართველოს მთავრობის მეთაური ამ ომს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მარიონეტულ ომად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის.

 

„აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს არის მარიონეტული ომი. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ, მე უბრალოდ ვიმეორებ აშშ-ის  ახალი ადმინისტრაციის ფორმულირებას,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ სურს ზელენსკის უპასუხოს, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია.

„არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი ადამიანის განცხადებები. ისინი აშკარად, ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ამ შემთხვევაში ფაქტები ასეთია,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ რატომ თქვა უარი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს მშვიდობის შენარჩუნება, რადგან ეს ქართული საზოგადოების მოთხოვნაა და ხელისუფლება პასუხისმგებელია, სწორედ, საზოგადოების წინაშე.

„ეს იყო მკაფიო განცხადება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანას სრულად გაანადგურებდა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით. ჩვენ ამ ქვეყანაში მრავალი ომის წინაშე აღმოვჩნდით, ბოლო 35 წლის განმავლობაში, ოთხი სხვადასხვა ომის, ოთხი განსხვავებული ომის. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება და ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, მოუწევს თუ არა საქართველოს მთავრობას რთული არჩევანის გაკეთება ევროკავშირთან, რუსეთთან, ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირებს შორის.

 

„არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს. ჩვენ გვაქვს პროდასავლური ხედვა და ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს ძალიან სტრატეგიული და ძალიან მკაფიო მიზანია. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს საქართველოს როლი აღმოსავლეთთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ამჟამად, ხედავთ, რომ ევროკავშირი უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო, ახლა კი მხოლოდ 17.5 პროცენტია. ასე რომ, ხედავთ, რამდენად მწვავეა ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირისთვის. 2021 წლიდან კი ევროკავშირს არ აქვს წვდომა რუსეთის ბაზარზე, რომელიც ევროკავშირისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ბაზარი იყო, მათ ასევე დაკარგეს წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უნდა შეეცადოს, გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა აღმოსავლეთთან, აზიის ბაზართან და საქართველოს შეუძლია ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროკავშირისთვის. ამგვარად, არა მხოლოდ საქართველოს შეუძლია მიიღოს სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანებით, არამედ, მე მჯერა, რომ ევროკავშირსაც შეუძლია, მიიღოს სარგებელი საქართველოს წევრობით კავშირში. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მიღებული იქნება პრაგმატული გადაწყვეტილებები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც გასული წლის ივლისში, ევროკავშირის 19 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოაქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას ეხებოდა. 

 

„ვერავინ ხსნის, რა არის ამ განცხადებების შინაარსი. არანაირი ახსნა არ არსებობს, არაფერი. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში, მაგრამ ასევე მის ფარგლებს გარეთაც. თუ ყველა ობიექტურ შეფასებას გადავხედავთ, არსებობს სხვადასხვა რეიტინგი, სხვადასხვა ინდექსი, მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, ევროკომისიის დაქვემდებარებაში არსებული, მაგრამ ასევე მრავალი სხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული. ყველა ფაქტზე დაფუძნებული ინდექსისა და რეიტინგის მიხედვით, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სხვა მრავალი რამის, როგორიცაა ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. თვალსაზრისით. თუ ყველა სხვადასხვა კრიტერიუმს გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, კორუფციის დაბალი დონის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე ევროკავშირის 7-8 ქვეყანას, ობიექტური შეფასებების მიხედვით. ასე რომ, ეს არის ფაქტები“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უვიზო რეჟიმი ეხმარება საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში.

 

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს ჩვენი ხედვაა და გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ, ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ირანთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მაგრამ ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ირანთან და ასეთია ამჟამინდელი სიტუაცია. იგივეა სხვა ქვეყნებთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველა სხვა მეზობელ ქვეყანასთან, რომლებსაც იგივე პოზიცია აქვთ, ისინიც ცდილობენ, განავითარონ პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.  კიდევ ერთხელ, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს განწყობა შეინარჩუნოს ქართულ საზოგადოებაში, შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა  უსამართლო ქმედების მიუხედავად.

 

„ჩვენ არსებითად პროდასავლურად ვართ განწყობილნი, როგორც მთავრობა, ასევე როგორც ხალხი. თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს გადავხედავთ, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ცოტათი შეარყია ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ძალიან მაღალია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს განწყობა შევინარჩუნოთ ქართულ საზოგადოებაში, შევინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის ყველა ამ უსამართლო ქმედების მიუხედავად. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია. ჩვენ დასავლური კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ. ამიტომაც გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მხრივ. კიდევ ერთხელ, თუ ევროპული ბიუროკრატია შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები 2030 წლისთვის. ეს საკმაოდ რეალისტურია“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.
 

„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, სწორედ ჩვენმა მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის კონსტიტუციაშიც შეგხვდებათ შესაბამისი ნორმა, რომლითაც გაცხადებულია, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური მიზანია.
 

ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება განსხვავებულია, კონტრპროდუქტიულია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება“, - განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება. 

„თუ საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. თუ ამ ყველა კრიტერიუმს გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით. თუმცა, ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.