ევროკომისიის ანგარიშის შესახებ საქართველოს პარლამენტში, შესაძლოა, მსჯელობა გაიმართოს. ანგარიშის განხილვა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი შარაშიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მსჯელობასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატი გიორგი შარაშიძის განცხადებით, საგარეო კომიტეტი უნდა განიხილავდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს ეხება.
„ჩემთვის არასწორია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ვესწრებოდეთ და არ არ ვეხებოდეთ ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ისტორიულად ყველაზე კრიტიკულია. მაქვს შემოთავაზება, რომ შემდეგი სხდომა კომიტეტმა მიუძღვნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები ყველა იმ კრიტიკულ კითხვაზე, რაც ამ ანგარიშში არის ასახული. ეს ეხება საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს და საგარეო კომიტეტი გვერქვას და ამაზე არ ვმსჯელობდეთ, ჩემთვის პირადად ეს მიუღებელია. ერთი მხრივ, შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოწვევა, მეორე მხრივ, სხდომაზე სიტყვა მივცეთ სტუდენტებს, ექსპერტებს, დაინტერესებულ პირებს. ჩვენს საზოგადოებაში არსებობს წუხილი, თუ რატომ ხდება ის, რაც დღეს ხდება. ამასთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს“, – აღნიშნა შარაშიძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ გიორგი შარაშიძეს რეგლამენტით ოპოზიციისთვის მინიჭებული უფლებების გამოყენება შესთავაზა, იქნება ეს კომიტეტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოწვევა თუ პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის მოთხოვნა.
„ევროკომისიის ანგარიში არ არის სასიხარულო და არც მოსაწონი. თუმცა, მეორე მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ. პირველად მოხდა ევროკომისიის ანგარიშებში ისეთი ფაქტების დასახელება, რომელსაც ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში ვნახე, რომ აქ იგივე უკრაინასთან მიმართებით სრულიად გაუგონარი განცხადებებია, თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს. ასეულობით რეზოლუციას მივუერთდით. ასევე თითქოს რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. მე არ მახსოვს, როდის იყო 2025 წელს რეზინის ტყვიები გამოყენებული და ბევრი სხვა დეზინფორმაციული ჩანაწერია ანგარიშში. ამიტომ ანგარიშს უნდა შევხედოთ კრიტიკულად ორივე მხრიდან. კარგია თუ ამას გავაკეთებთ. ჩვენი პოზიციაც იქნება დაფიქსირებული. შესაბამისად, მზად ვართ რომ ამ ანგარიშის განხილვა მოვაწყოთ გინდა კომიტეტში, გინდა პლენარულ სხდომაზე. ბერკეტები, რომელიც ოპოზიციას აქვს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. თუ თქვენი მხრიდან ამის სურვილი იქნება, რეგლამენტის მიხედვით გააკეთებთ და ჩვენ მოვიწვევთ მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელთანაც თქვენ გინდათ დისკუსია და კამათის გამართვა“, – განაცხადა სამხარაძემ.
