ბანკის პოსტერმინალის ნაცვლად ჭკვიანი მარშუტიზატორი, რომელმაც ყველა ბანკის ბარათი უნდა მიიღოს - პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტი მუშაობს საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში, შესაძლოა, გამოჩნდეს ახალი საგადახდო ტერმინალები. საუბარია სმარტ როუტინგის, ანუ ჭკვიანი მარშუტიზაციის სისტემით აღჭურვილ ტერმინალზე, რომელმაც საბანკო გადახდა უნდა გაატაროს იმ ბანკის საგადახდო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ყველაზე იაფ მომსახურებას სთავაზობს ბარათის მფლობელს.

ამავე კანონპროექტში აქამდე განსაზღვრული იყო, რომ პოსტერმინალით გადახდის მაქსიმალური ზღვარი ტრანზაქციის ღირებულების 0.5% უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ნორმის ინიციირება 16 სექტემბერს მოხდა და მას როგორც ბანკების, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან შენიშვნები მოჰყვა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აღნიშნული პუნქტი ამოღებულია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, რომელმაც გადახდის ჭკვიან მარშუტირების რეგულირების პროექტზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. საუბარია, რომ ბაზარზე, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი პოსტერმინალები, რომლებმაც მომსახურება ყველა ბანკის გადახდებს მაქსიმალურად დაბალი საკომისიოს პირობებში უნდა გაუწიოს, რადგანაც ტერმინალმა უნდა აირჩიოს რომ გადახდა გაატაროს იმ საბანკო ინსტიტუტის მიმართულებით რა მიმართულებითაც მას ყველაზე ნაკლები საკომისიო შეხვდება.

"შეიძლება გაჩნდეს ასეთი პოსტერმინალი. თუ გაჩნდება ასეთი ტერმინალი, ბანკებს ვისაც გააჩნიათ საბარათე ინფრასტრუქტურა მათ არ უნდა დაუხურონ და არ უნდა ჩაკეტონ ეს მომწოდებელი. ევროპაში ნანახი გაქვთ - არავინ გეკითხებათ რომელი ბანკის ბარათი გაქვთ, უბრალოდ აქვთ ტერმინალი. ტერმინალი კი არის ტექნიკური ინფრასტრუქტურა, თუმცა მის უკან არის პროგრამული უზრუნველყოფა და ეს უზრუნველყოფა სხვადასხვა ეკოსისტემას როდესაც ესაუბრება იღებს გადაწყვეტილებას გაატაროს გადახდა იმ გზით, რომელიც ყველაზე უფრო იაფი, მარტივი და სწრაფი გზაა. ეს არის ამასთან დაკავშირებული საკითხი", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ანა კოსტავა, რომელმაც ბექა დოჭვირს ჭკვიანი მარშუტიზაციის პროექტთან დაკავშირებით ჰკითხა:

"- სმარტ როუტინგთან დაკავშირებით გვაინტერესებს, ვისაც ექნება შესაძლებლობა რომ ეს სერვისი მას არ ექნება შესაძლებლობა რომ ჩაკეტოს ეს სერვისი, მაგრამ არსებობს თუ არა ვალდებულება, რომ სხვები დაუერთდნენ? ამ სერვისთან დაკავშირებით ფასწარმოქმნაზე თუ არის ჩანაწერი ამ პროექტში?"

ბექა დოჭვირის განმარტებით, ჭკვიანი მარშუტიზაციის პირობებში ფასის დისკრიმინაცია აკრძალული იქნება.

"ჩვენ ვაჩენთ შესაძლებლობას, რომ ეს ინფრასტრუქტურა გაჩნდეს. ეროვნული ბანკისკენ ჩნდება საშუალება რომ გარკვეული სტანდარტები დაამტკიცოს ან შეითანხმოს. ამჟამად რაიმე სახის ლიცენზიის გაცემას ეს ნორმა რაც პროექტის სახით არის არ ითვალისწინებს. ეს უნდა იყოს უსაფრთხოების და ბანკის ეკოსისტემაში სარგებლობას. მას არ უნდა გადაახდევინოს იმაზე მეტი, ვიდრე ამ მომსახურებას თავის შვილობილ კომპანიას მიაწვდიდა. დისკრიმინაციული ფაქტორი არის გამორიცხული და დაშვებულია ინფრასტრუქტურაზე წვდომა,"- განაცხადა ბექა დოჭვირმა.