ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი დღით ჩამოსვლა და საკუთარი თვალით ხილვა, რა ხდება ქვეყანაში - კობახიძე

ჩვენი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში არ იხსნებოდა საარჩევნო უბნები. თქვენ გახსენდებათ რომელიმე მათგანის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ემიგრანტების ნახევარი მოკლებული იყო საარჩევნო ხმის უფლებას? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საკანონმდებლო ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამით თანასწორობის პრინციპიც ირღვეოდა, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტებს ამაზე წუხილი არასოდეს გამოუთქვამთ.

„შეიძლება, ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია და მეორე ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია? ამაზე წუხილი ხომ არავისგან მოგისმენიათ? იმიტომ, რომ მთლიანად სუბიექტურია მათი მსჯელობა და არ ეფუძნება რეალურ არგუმენტებს. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება, სულ არ იყოს გახსნილი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასეთი ბევრი ქვეყანაა, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება.

„ეს არის არსებითი საკითხი. ტექნიკური არის მთლიანობაში ეს გადამუშავებული ვერსია, რომელიც წარმოდგენილია ახალი საარჩევნო კოდექსის სახით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, მთლიანობაში, არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს. რეალურად, არავითარი არსებითი შედეგი არ ჰქონია, ამიტომ, ეს არ არის აქ მთავარი. რაც შეეხება ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტეინში. ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში, შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან.

„ნებისმიერმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ამაში იგულისხმება რა, რომ შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოუპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. ნებისმიერი ადამიანი იღებს სხვადასხვა ფორმით ინფორმაციას. ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია, მათ შორის, სოცმედია, საიდანაც ნებისმიერი ადამიანი იღებს გაფილტრულ ინფორმაციას. ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება გადამუშავებას, ინტერპრეტაციას. შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მედიასაშუალება, მაგრამ მისი გავლით მიღებული ინფორმაციაც კი არის ინტერპრეტირებული და გაფილტრული, ანუ ექვემდებარება გარკვეულ ფილტრს. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი სხვადასხვა მედიასაშუალება და მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. არის კიდევ სოცმედია, სადაც ათასგვარ ფილტრს გადის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეიძლება, არ იყოს საუბარი კონკრეტული ინდივიდის დაშინებაზე, მაგრამ როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ბუნებრივად არის  იმ იურისდიქციის გავლენის ქვეშ.

„მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში, მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, მაგალითად ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. თქვენ გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ აწეული იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საელჩოში ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანებს არ აძლევდნენ ვიზას. კამპანია ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს აწეული ამასთან დაკავშირებით. აქედან ძალიან მარტივად ჩანს, რომ უცხოურ იურისდიქციას ძალიან მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანი. ამ დროს, როდესაც შენი ქვეყნის საკითხებთან დაკავშირებით აკეთებ შენს არჩევანს, მთლიანად უნდა იყო თავისუფალი უცხოური იურისდიქციის გავლენისგან. რაც შეეხება ინფორმირებულობას, არსებობს გაფილტრული წყაროები ინფორმაციის, ეს არის, მათ შორის, მასმედია. თუნდაც, როდესაც  საკუთარი ოჯახის წევრებისგან იღებს ადამიანი ინფორმაციას, ესეც კი გაფილტრულია, ანუ ვიღაცის ინტერპრეტაცია. ინფორმაციის ყველაზე სუფთა, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ცხოვრობ. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რა თქმა უნდა, ყველა,  საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი თანამოქალაქე  ინარჩუნებს, ბუნებრივია,  საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია, ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული, არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ, ეს მათ თვითონაც არ აწყობთ.

„საერთოდ ბოლომდე გაცამტვერდებიან. ხვალ რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, საკონსტიტუციო უმრავლესობას უმარტივესადმიიღებს „ქართული ოცნება“. როგორც ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. აქედან გამომდინარე, საუბრები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ. თვითონ ურჩევნიათ, სამი წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი. თუმცა, აქაც სპეკულირებენ. მეტი შეფასება ამას არ შეიძლება, მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სუბიექტურად თუნდაც რაღაც შეიძლება, იყოს საინტერესო, 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.