"არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება" - პრემიერი

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ საჯაროდაც აღიარა, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.

 

“ერთი რამ გააცნობიერეს, რაც ძალიან კარგია, - უკვე აღარც ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, უფრო მეტიც, საჯაროდაც აღიარეს, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ხედავენ, როგორია არჩევნების შედეგები. ხვალ რომ ჩატარდეს ერთ თვეში, ორ თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თეორიულად, ჩვენ ავიღებთ კონსტიტუციურ უმრავლესობას. ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რაც მათ არ აწყობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ თვითონაც აღიარებენ, რომ მათ ინტერესებში საერთოდ აღარ არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამის მიუხედავად, სუბიექტური თეორიული ინტერესის მიუხედავად, კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს,”- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების შეფასება, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან შეუთავსებელია და  ხმის უფლების ჩამორთმევასთან არის გაიგივებული, არის აბსურდი. 


„სამართლებრივად ეს არის აბსურდი და არ შეიძლება, კომპეტენტურმა იურისტმა ასეთი რამ თქვას. არ ვიცი, ამას  იურისტები ამბობენ თუ არაიურისტები, მით უმეტეს, რომ არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, მათ შორის, საქმე ეხება ისეთ ქვეყნებსაც, რომლებსაც ძალიან დიდი დიასპორა აქვთ მსოფლიოს მასშტაბით. 
სამართლებრივ მხარეს რომ შევეხოთ, აქ, სწორედ რომ სამართლებრივი არგუმენტებიც მეტყველებს ჩვენი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ყველგან უნდა იყოს თანასწორობა უზრუნველყოფილი. მაგალითად, საქართველოში  საზღვრებში როცა  ტარდება არჩევნები, ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე არის თანაბარი საქართველოში მცხოვრები ყველა ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება დიასპორას, მაგალითად დიასპორის ნახევარი, დაახლოებით, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ საერთოდ არ აქვთ არავითარი საარჩევნო უბნები, მიუხედავად იმისა, რომ დიასპორის ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. არის ასევე უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და  სადაც არ მოქმედებს ასევე საელჩო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და შესაბამისად, იქ შეუძლებელია დიასპორისთვის ხმის მიცემა. სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტებზე ზრუნვა არის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

 

„რომ გადახედოთ, რამდენი პროგრამა ხორციელდება - ეს არის სკოლები ემიგრანტი ბავშვებისთვის, სხვადასხვა ტიპის ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა და ა.შ. პროგრამების რაოდენობა და ხარისხი არის ათჯერ და ოცჯერ გაზრდილი. რაც შეეხება კონკრეტულ გამოხატულებას, აქაც ხომ შედეგები და ქმედებებია მთავარი. ქმედებებსა და შედეგებზე როდესაც არის საუბარი, ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ჩვენი დიასპორა დაუბრუნდეს დედა სამშობლოს, აქეთ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყველა ქმედება და ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკური ზრდა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. ტენდენციები ისეთია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს სამშობლოს, საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში კონკრეტულ რეგულაციაზე, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებს შეეხებათ, ძალიან მყარია არგუმენტები.

 

„ეს რეგულაცია ეფუძნება ორ ძირითად არგუმენტს - პირველი არის ის, რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა იურისდიქციაში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, ამ დროს ამომრჩეველი, როდესაც ის აკეთებს არჩევანს, მხოლოდ საკუთარ იურისდიქციას უნდა ექვემდებარებოდეს და საკუთარი იურისდიქციის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს დაცული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი. მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ინფორმაციის წყარო არის სხვადასხვაგვარი და არსებითად  შეგვიძლია, ორ ნაწილად დავყოთ, ეს არის გაფილტრული და გაუფილტრავი ინფორმაცია. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ის მთლიანად არის დამოკიდებული გაფილტრულ ინფორმაციაზე. ეს არის, მათ შორის მედიიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის სოციალური მედიიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის თუნდაც ახლობლებისგან მიღებული ინფორმაცია. ყველა ინფორმაცია ინტერპრეტაციას ექვემდებარება და გაფილტრულია, გარდა ერთისა. ერთადერთი ინფორმაციის წყარო, რომელიც არ ექვემდებარება გაფილტვრას, ეს არის შენი თვალით დანახული გარემო. საბოლოო ჯამში, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ადამიანს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფილტრული ინფორმაციის მიღმა იღებს გაუფილტრავ ინფორმაციასაც, თავად ეცნობა იმ გარემოს, რაც არის შექმნილი ქვეყანაში და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამომრჩეველი როდესაც აკეთებს არჩევანს, მას მინიმალური წვდომა მაინც უნდა ჰქონდეს გაუფილტრავ ინფორმაციაზე, ამისათვის აუცილებელია, რომ ადამიანი მოკლე ხნის განმავლობაში მაინც იყოს ნამყოფი საქართველოში, ვიდრე გააკეთებს კონკრეტულ არჩევანს. აქ ძალიან მყარია არგუმენტები.

 

რაც შეეხება იმას ვიწრო პოლიტიკური ინტერესი არის თუ არა აქ - იცით, როგორი იყო სტატისტიკა, 35 ათასზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რაც იყო მაქსიმალური მაჩვენებელი. იცით, რომ ძალიან მაღალი იყო აქტივობა და ეს აისახა, მათ შორის დიასპორაზეც, აქაც კი 35 ათასზე ნაკლები იყო აქტივობა დიასპორის ნაწილში. შესაბამისად, ვერავითარი არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში, ამიტომ აქ ჩვენი გადაწყვეტილება არის დაცლილი ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან. აქ გვამოძრავებს სუფთა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება.

 

„მინიმალური გაუფილტრავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს, როდესაც ის აკეთებს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს. აქ არგუმენტები არის ძალიან მყარი. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაც, აქედან გამომდინარე, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე ზოგადად რაციონალიზმის კუთხით, ამ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი ნაკლი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობას NGO-ების მეშვეობით.

“ჩვენ ვიცით, რას ხმარებოდა ეს ფული, წინა ადმინისტრაციის პირობებში -ამერიკული ფული და წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის პირობებში ეს ფული რას ხმარდება. ეს იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, სწორედ, ამ NGO-ების მეშვეობით, ვისაც უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ტერმინი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. არ არსებობს სამოქალაქო და არასამოქალაქო საზოგადოება. ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც შენ აბსურდული ტერმინით ცდილობ, ფონს გახვიდე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ შენ გაქვს მანკიერი განზრახვა სხვადასხვა მიმართულებით. პირდაპირი აღიარებაა ეს ყველაფერი, რომ მათ უნდათ, კიდევ ერთხელ სცადონ აქ არეულობის მოწყობა, ამისათვის უნდათ შავი ფული შემოიტანონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას, როგორც ამას ვაკეთებდით წარმატებით წარსულში, ასევე გავაკეთებთ წარმატებით მომავალშიც,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, როდესაც საქმე ეხება ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებს, იქ ყოველთვის ჩანს საქართველოს პროგრესი.


„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება ევროკავშირის, ევროკომისიის, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. როდესაც ფაქტებზე დაფუძნებით რაღაცას აანალიზებენ და ვერ გაურბიან ფაქტებს, იქ ძალიან კარგად ჩანს, სად დგას საქართველო და სად სხვა კანდიდატი ქვეყნები. როდესაც საქმე ეხება ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებს, იქ ყოველთვის ჩანს ხოლმე ჩვენი პროგრესი. გასული ოთხი წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. უკრაინაზე აღარ ვლაპარაკობ, დაქცეულია უკრაინის ეკონომიკა, ნათელია ყველაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ბიუჯეტებს შორის სხვაობა დაახლოებით ორ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. იგივე ეხება კორუფციას. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა  ევროპის მასშტაბით უკრაინა და მოლდოვა. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველა საერთაშორისო რეიტინგის თანახმად. ევროკავშირის 7-8 ქვეყანასაც კი ვუსწრებთ ჩვენ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. დღესავით ნათელია ყველაფერი, მაგრამ როდესაც გაქვს განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქმედებ არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ, შენ გაურბიხარ ფაქტებს და აკეთებ შიშველ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ფაქტებთან. ზუსტად ამის გამოძახილია ის, რომ ერთის მხრივ, ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშებში ვხედავთ საქართველოს პროგრესს, მაგრამ უხეშ განცხადებებში ვხედავთ სხვა, ვირტუალურ სინამდვილეს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთო სურათი არსებითად იგივე დარჩება, რადგან ძირითადი ორგანოები, რომლებიც დღემდეც იყვნენ დაკავებული იმ საქმიანობით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მთავრობა თავისი ადმინისტრაციით, თავისი კონკრეტული დეპარტამენტით, ეს არის სუსი ანტიკორუფციული სააგენტოთი, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ეს არის საქართველოს პროკურატურა. 

 

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ გაძლიერებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ თავი მოვუყარეთ სწორედ ამ ორგანოებს. როდესაც ვიკრიბებოდით ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას, იკრიბებოდა მთავრობის წარმომადგენლობა თავისი სამინისტროებით, პროკურატურა სუსი და აუდიტის სამსახური. ამ კონსტიტუციური ორგანოების ხელშია საბოლოო ჯამში ის ფუნქცია, რასაც ჰქვია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, არსებითად სისტემა რჩება იგივე, უბრალოდ ეს სისტემა აქაც შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციურ ჩარჩოსთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არ ელოდება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას, რადგან ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი.

„ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯის გადადგმას არ ველოდები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის თემას მათი არაფორმალური უფროსები იყენებდნენ ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის და ბევრი ტყვია გაისროლეს ამისთვის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მერე მოლაპარაკებები არ გაგვიხსნეს, მერე გამოაცხადეს, რომ შეჩერებული იყო 2024 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს. ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მიაღწევს და შენ მოახერხებ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. თუ ამასაც გაისვრი და მაინც ვერ დააბრუნებ ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაშინ რა აზრი აქვს, არაპრაგმატული იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ყველა ხედავს, რომ ამ ტყვიის გასროლის შემთხვევაში ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მაინც ვერ დააბრუნებენ ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არავის არ უღირს ასეთი ირაციონალური ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ ისინი პრაგმატულობას შეინარჩუნებენ და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ვარაუდი, რომ ევროკომისია  დაელოდება პოლიტიკური პროცესების კულმინაციას.

„ისინი ამას ეცდებიან, თუმცა არავითარი კულმინაცია არ იქნება. ჩვენ გვექნება მშვიდი წლები. 2 წელი აღარ არის არჩევნები, 2028 წლისთვის უნდა მოემზადოს ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ევროკომისია, რომელიც ელჩის მეშვეობით ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, პირდაპირ მოუწოდებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისკენ საქართველოს მოსახლეობას. ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა ასე იყო ფორმულირებული, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა უნდა მომხდარიყო კონკრეტული უწყების ხელში და ამისათვის უნდა შექმნილიყო რაღაც განცალკევებული უწყება.

 

„ნათქვამი იყო, რომ ერთი უწყების ხელში უნდა მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. ამ დროს ხდება რა - ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ სისტემას, აქ მოქმედებს კონკრეტული ორგანოები, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები, ეს არის კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ასევე აქვს თავისი კონსტიტუციური ფუნქციები და ამოცანები, ეს არის საქართველოს პროკურატურა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ძალიან სერიოზული ფუნქცია თავისი კონკრეტული დეპარტამენტით. ამის შერწყმა თეორიულად შეუძლებელია რომელიმე ერთი უწყების ქვეშ, რადგან ყველას თავისი ინტერესი და კონკრეტული ფუნქცია აქვს. აქედანაც ჩანს, რომ იმთავითვე აბსურდულია ხოლმე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები. მათ აქვთ ხოლმე ვიწრო პოლიტიკური ამოცანა, რაღაცნაირად მოარღვიონ ხელისუფლების სისტემა და ამისათვის თავს უნდა მოგახვიონ ისეთი რამ, რაც პირდაპირ უპირისპირდება შენს კონსტიტუციურ ლოგიკას. არა მარტო ჩვენს კონსტიტუციურ ლოგიკაზეა საუბარი, ზოგად კონსტიტუციურ ლოგიკას ეწინააღმდეგება ხოლმე მათი მოთხოვნები. ერთ-ერთი ამის დასტური იყო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა ანტიკორუფციული უწყების შექმნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროში თავი მოიყარა ძირითადად სამმა ფუნქციამ, ეს იყო საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური პარტიების დეკლარაციების მონიტორინგი და შემდეგ ამას დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების მონიტორინგი.

 

„შეიქმნა უწყება, რომელსაც ერქვა ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის ვერავითარი ბერკეტი ვერც ექნებოდა მას მინიჭებული, რადგან თავად მოთხოვნა იყო აბსურდული. მერე აგენტურა საქართველოში თავადვე აქილიკებდნენ ამ უწყებას. ამბობდნენ, რომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ თვალით არ ენახათ მათ ამ უწყების მიერ გამოვლენილი კორუფცია. ვერც გამოავლენ როცა მარტო დეკლარაციების მონიტორინგი გევალება. ეს ფუნქციები აქვს მინიჭებული მთავრობას, პროკურატურას, სუს-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რა შუაშია აქ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფლაგმანი. 

 

თავიდანვე აბსურდული იყო ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამ მოთხოვნას, რომ რაღაცნაირად ეცადათ კონსტიტუციური სისტემის მორღვევა. ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს. როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ვაკეთებთ ამას, ანალოგიურად ვაკეთებთ იმავეს ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში. იგივე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.