აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის,სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი,დელეგაციასთან ერთად,ასევე ეწვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს და მათ საქმიანობას გაეცნობა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.