რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სახეზეა ორმაგი სტანდარტები.
„ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არდაწესებას, გვედავებოდნენ იმას, რომ გვაქვს ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ამ დროს მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში, ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები რაც მოქმედებს, ასევე სხვა მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესების განვითარებას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისათვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოს შეუნარჩუნდეს მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება.
„აბსოლუტურად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ხედავდით, რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანაზე და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. რაც შევძელით ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ. რაც არის ტრაგიკული მოვლენა. ხედავთ როგორია ამ ომის ჰუმანიტარული შედეგები. როგორია ადამიანური მსხვერპლი, როგორია ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზიანი. ქვეყანა მიიყვანეს განადგურებამდე, მოაწყეს რევოლუცია და აღარავინ აიღო პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომელიც ამის შემდეგ განვითარდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ შევძელით ამ სცენარის თავიდან აცილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, თუმცა მოდუნება დღესაც არ შეიძლება. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას.
„აქ ჩანს სრული კოორდინაცია. ეს არის ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და ეს ორგანიზაციები კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები. ეს კამპანია დააწყებინეს „ლელოს“, შემდეგ გააგრძელებინეს „ალტ ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაცმოძრაობას“, ეს არის ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ უპრეცენდენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. ასეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და წარმატებას ვერ მიაღწევენ ვერც ეს უცხოელი დონორები, ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც აფინანსებენ საბოტაჟს საქართველოში. საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას ერთადერთი ინტერესი - რამენაირად სცადონ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება, თუმცა ამ კუთხით წარმატება არ აქვთ.
„ეს კოორდინირებული სქემა, პრინციპში, ხელის გულზე დევს, თუმცა კარგია, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები და დეტალები გამოავლინა ამასთან დაკავშირებით. ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რომ რამენაირად სცადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ხედავთ, რომ ამ კუთხით მაინცდამაინც წარმატებულები ვერ არიან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა - 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი, ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქებოდა უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ვხედავდით არაერთ ფაქტს, გასული წლებში, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში. იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება, სხვა ტიპის ინვესტიციები, ყველა მიმართულებით, რაც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი,“- აღნიშნა პრემიერმა.
