პარლამენტი Eagle Hills-ის პროექტის გამო მეწარმეთა შესახებ კანონს ცვლის

პარლამენტი Eagle Hills-ის პროექტის გამო მეწარმეთა შესახებ კანონს ცვლის - შესაბამისი ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის და კომიტეტის წევრის ლევან მაჭავარიანის მიერ არის მომზადებული. ინიციატივის თანახმად, საჯარო მოხელეებს უფლება მიეცემათ იყვნენ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში. ცვლილება განსაზღვრულია იმისთვის, რომ მთავრობამ შპს "იგლ ჰილს საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოში საჯარო პირები წევრებად დანიშნოს.

ინიციატორების თქმით, ცვლილება დაკავშირებულია 2025 წლის ოქტომბერში გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლითაც საქართველოს მთავრობა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია Eagle Hills Development Holdings Limited ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამ კომპანიაში სახელმწიფოს წილი 50%-ზე ნაკლებია (33.33%), თუმცა სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფო წარმომადგენლების მონაწილეობა აუცილებლად მიიჩნევა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საჯარო მოხელეები სახელმწიფო საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებში პოზიციებს წარსულშიც იკავებდნენ, თუმცა მათ ეს უფლება სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში შეეზღუდათ, რაც სახელმწიფო კომპანიებზე პოლიტიკური მმართველობის გავლენის შემცირებას ემსახურებოდა.

"საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრის N1712 განკარგულების საფუძველზე, ქვეყნისათვის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით გაფორმდა „საინვესტიციო ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და „აქციონერთა შეთანხმება“, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კომპანიის - შპს ,,იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011) მმართველობის წესები, კაპიტალის სტრუქტურა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების ჩარჩო, მისი განხორციელების წესები. „აქციონერთა შეთანხმების“ თანახმად, სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს "იგლჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011, შემდგომში - ერთობლივი საწარმო) სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე, სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ამასთან, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.