დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, ხელისუფლების ამოცანაა, ქუთაისი იქცეს რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად ქვეყანაში.
„ამ რეფორმის არსზე საზოგადოებას გავაცანით ინფორმაცია, გვქონდა დეტალური პრეზენტაცია, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, რომ თქვენ წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ამ რეფორმის კონცეფციის შინაარსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის 7 გამოწვევა, რომელსაც ეს კონცეფცია ეფუძნება, ასევე შვიდი შესაბამისი ამოცანა, რომელიც არის დასახული უმაღლესი განათლების რეფორმის სფეროში.
პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბ გეოგრაფიულ კონცენტრაციას. ეს არის გამოწვევა არა იმდენად კონკრეტულად უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რამდენადაც ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის გამოწვევა ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში და ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. მათ შორის, კონკრეტული რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის და მათ შორის დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისათვის, რომლებიც დგას კონკრეტული ქალაქებისა და რეგიონების წინაშე განსაკუთრებული სიმძაფრით. დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის ამ პირობებში დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, ძირითადად ეს ეხება ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია და გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ ორი ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე - ესაა ქუთაისი და ეს არის რუსთავი, უფრო კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც დაეხმარება ამ მნიშვნელოვან ქალაქს განვითარებისთვის და შექმნის ახალ შესაძლებლობას ამ ორი ქალაქისთვის. ქუთაისი გვინდა, ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა, ეს არის დედაქალაქი - თბილისი და გვინდა, რომ ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამისათვის ქუთაისში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ასევე გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში, ეს არის ამოცანა. ვფიქრობთ, სადღაც, 60 %-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40 % უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებზე, ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული.
„ზოგადად, რაც შეეხება სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ეს არის სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ გავაგრძელოთ უმაღლესი განათლების რეფორმა.
დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და შეუძლებელია, ჩვენი სიდიდის ქვეყანაში, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, რომ 64 უნივერსიტეტში, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე, ჰქონდეს უზრუნველყოფილი თანაბრად მაღალი ხარისხი. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი განათლების საშუალო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ეს ვითარება რადიკალურად შევცვალოთ, გვინდა, რომ უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა, იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.
ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში. როდესაც სხვა ქვეყანაში მიდის ახალგაზრდა, მათი დიდი ნაწილი ქვეყნისთვის დაკარგულია. მითუმეტეს, რომ კონკრეტულ განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ ე.წ. ტვინების მიზიდვის პოლიტიკა, რასაც ძალიან წარმატებულად ახორციელებენ, საუკეთესო შესაძლებლობების და უნარის ახალგაზრდები მიდიან და რჩებიან სხვა ქვეყნებში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სულისკვეთებას ეფუძნება ის კონცეფცია, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი. პირველი ამოცანა ეს არის დეკონცენტრაცია და ამ მიმართულებით არის კონკრეტული ქმედებები განსაზღვრული ჩვენს კონცეფციაში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამედიცინიო უნივერსიტეტი უნდა იყოს დაკავებული ქართველი სტუდენტების მომზადებით და მომავალი ექიმების მომზადებით ქართული სამედიცინო სისტემისთვის.
„დღეს დაახლოებით 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში,შესაბამისად, ხდება რა - სახელმწიფოს მიერ შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს. ეს მდგომარეობა ვფიქრობთ, უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, უნდა დაინერგოს სწორედ ეს პრინციპი, უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა ამ მიმართულებით, რომ მაქსიმუმამდე გაიზარდოს სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების დონე და მაქსიმალურად მოემსახუროს ეს უნივერსიტეტი სწორედ ქართველ სტუდენტებს.
„უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, ბუნებრივია, უცხოელი სტუდენტები იქნებიან წარმოდგენილი სხვადასხვა უნივერსიტეტებში, თუმცა ეს უნდა იყოს საგამონაკლისო, გაცვლითი და მსგავსი ტიპის პროგრამები, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიზღუდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხარისხის მართვის სამსახურში შედის კურიკულუმები, სილაბუსები, ხდება მათი გადამოწმება, თუმცა ეს არსებითად ფორმალური პროცედურაა.
„ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ზუსტად იდენტური დიპლომი, გაცემული სხვადასხვა უნივერსიტეტის მხრიდან არის განსხვავებული ხარისხის შინაარსობრივად. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, სადაც მოქმედებს 100-მდე სახელმწიფო სხვადასხვა უნივერსიტეტი, თითო ქალაქში მოქმედებს თითო უნივერსიტეტი ბერლინის გარდა, სადაც ორია, არსებითად, სწავლების ხარისხი შინაარსობრივად ერთი და იგივეა და სახელმწიფო გასცემს დიპლომს, რაზეც იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენთან ასე არ არის. ერთი დიპლომის ხარისხი არის დაბალი, მეორის - მაღალი, ყველა თანაბრად გაიცემა სახელმწიფოს სახელით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, შემოიღოს 3+1+1 სისტემა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკასა და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
„გვინდა, რომ შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, ანუ არსებითად 3+1, 3 წელი ბაკალავრიატი, 1 წელი მაგისტრატურა და იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე, მოგვიანებით, სწავლის გაგრძელება და ა.შ. იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.
აქაც ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სავსებით არის შესაძლებელი 3-წელიწადში ყველა იმ ძირითადი საგნის გავლა, რაც უნდა იცოდეს იურისტმა და, ასევე, შესაძლებელია 10-მდე არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. 3 წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მან მიიღოს საკმარისი ცოდნა, რაც უნდა გადაეცეს მას ბაკალავრიატის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკის მიმართულებაზე, სოციალურ მიმართულებაზე, ჰუმანიტარულზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, რაიმე განსხვავებული აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები არ მომისმენია. 3+1+1 არის ჩვენი აზრით ოპტიმალური სისტემა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ სისტემას ექნება დამატებითი ეფექტიც - დაახლოებით, 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში.
„ამას თავისი დამატებითი ეფექტიც ექნება, დაახლოებით, 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ერთი წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას. ანუ, 30 000-ით მეტი ახალგაზრდა ადამიანი, კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გვაქვს სწრაფი ტემპი ეკონომიკის განვითარების და უკვე ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი. რა თქმა უნდა, უმუშევრობაც რჩება პრობლემად და საშუალოდ, იმ პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის დაძლევა, თუმცა ამავდროულად ბევრი მიმართულებით უკვე არის სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა. თქვენ რომ მოისმინოთ, მაგალითად, ბიზნესასოციაციის პრეზენტაციები, ისინი სამეულში პრობლემებად ასახელებენ სამუშაო ძალის ნაკლებობას და მეორე არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, რაც არის ცალკე პრობლემა. ამიტომ აქ გვჭირდება შრომის ბაზრის გამდიდრება და ამ კუთხითაც საინტერესოა ის ცვლილება, რომელსაც გთავაზობთ,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკადრო პოლიტიკაში არის სერიოზული პრობლემები სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მთავარი პრობლემა არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში, პროფესორები, პედაგოგები მუშაობენ არასრულ განაკვეთზე, შესაბამისად, ისინი არ არიან აქტიურად ჩართული სასწავლო პროგრამების დახვეწა-განვითარებაში, არ არიან ჩართული სათანადოდ კვლევით საქმიანობაში.
„მათთვის არ არის შექმნილი სათანადო პირობები, მათ შორის ვსაუბრობთ შრომის ანაზღაურებაზე, რომელიც არის ძალიან დაბალი. ასეთ პირობებში, როდესაც მაგალითად, სრული პროფესორის ხელფასი კატეგორიების მიხედვით არის 2-3 ათასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რთულია, დააინტერესო პირობითად კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი ან ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენელი, რომ სრულ განაკვეთზე იმუშაოს უნივერსიტეტში. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები მუშაობენ სხვაგან და შეთავსებით მუშაობენ აკადემიურ სფეროში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ასეთ პირობებში სისტემა ვერ ვითარდება და დგას ერთ ადგილზე. ვფიქრობთ, რომ საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და რაც მთავარია, უნდა შეიქმნას სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისად, სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს ხელზე 10 ათას ლარს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის ოპტიმალური მაჩვენებელი, რაც ჩვენ მოგვცემს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დამაგრების შესაძლებლობას, სხვანაირად რთული იქნება. დაგვრჩება იგივე ვითარება, რაც დღეს არის, რომ შეთავსებით კითხულობენ ლექციებს და ატარებენ სემინარებს პედაგოგები.
ოპტიმიზაციის პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ ხელფასზე გავიდეთ სრული პროფესორების ნაწილში. დარჩებიან არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებიც და მათი ანაზღაურება იქნება ბევრად უფრო ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებთან შედარებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე იქნება არაერთი მიმართულება, სადაც არის კადრების დეფიციტი, მათ შორის ეს არის ტექნოლოგიები, ტექნიკური მიმართულებები და არ მარტო.
„ბევრი მიმართულებით განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრების მოზიდვა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ რესურსი, რომ ლექციები წაიკითხონ, იმუშაონ კიდევ 7-8-10 წლის განმავლობაში, შეიძლება, მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ დეფიციტურ მიმართულებებზე საჭირო იქნება უცხოელი პედაგოგების მოზიდვა და ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. საკადრო პოლიტიკა არსებითად უნდა გადაიხედოს, ერთგვარი კათედრის პრინციპი უნდა დაინერგოს, როდესაც მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი მიმართულებით პროგრამების დახვეწაზე, განვითარებაზე და ასევე კვლევითი საქმიანობის აქტიურად წარმოებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა იქნას შემორებული დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდიქნება უნივერსიტეტებთან.
„შემდეგი საკითხია სწავლებასა და კვლევას შორის სუსტი კავშირი, რომელიც უნდა გაძლიერდეს. ასევე, ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები და აქაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს ვითარება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან. დღეს ფორმალურია ეს ინტეგრაცია და ის რეალური და თვისებრივი უნდა იყოს. უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდა იყოს უნივერსიტეტებთან. დღეს არის ცალკე განყენებული ფონდი, განათლების სამინისტროს ქვეშ, რომელიც საგრანტო განაცხადების საფუძველზე აფინანსებს კონკრეტულ პროექტებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, მთლიანად უნდა იყოს კვლევის დაფინანსების სისტემა ინტეგრირე3ბული სახელმწიფო უნივერსიტეტებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში 3-4 წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შეიქმნას ყველა ძირითად საგანში.
„თუ ჩვენ საკადრო პოლიტიკას და მთლიანად, უმაღლესი განათლების პოლიტიკას გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში. ეს შესაძლებელია 3-4 წელიწადში სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში. დღეს, რომ ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტი, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით არის ორი ძირითადი საგანი - კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. აქედან ერთ-ერთ საგანში, ადამიანის უფლებებში დღემდე არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო არ გვაქვს. ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს უნდა შეიცვალოს და შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი უნდა განხორციელდეს, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია და პროცესში ჩართულია ორი სამინისტრო, რომლებიც თანამშრომლობენ ბიზნესასოციაციასთან.
პრემიერის განცხადებით, საჯარო და კერძო სექტორმა ერთად უნდა გააანალიზოს შრომის ბაზრის მოთხოვნები ოპტიმალურ მაჩვენებლებზე გასასვლელად.
„მაგალითად, ტექნოლოგიების, ტექნიკური მეცნიერებების ნაწილში არის ძალიან დიდი ჩამორჩენა, სამართალსა და ეკონომიკაში არის ძალიან დიდი სიჭარბე. შესაბამისად, ხდება რა - იურისტებს უშვებს უნივერსიტეტები, სისტემა, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იმის გამო, რომ ბაზარზე მოთხოვნა არ არის, საქმდება სრულიად სხვა მიმართულებით. ეს ბუნებრივია უნდა შეიცვალოს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც, არ შეიძლება, წინასწარ გაწირო სტუდენტი დაუსაქმებლობისთვის. არ შეიძლება, მოამზადო იურისტად და მერე დაახვედრო შრომის ბაზარი, სადაც ამდენ იურისტზე მოთხოვნა არ არის. ამიტომ, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის შრომის ბაზრის ანალიზი, ვფიქრობთ, სიღრმისეული ანალიზი უნდა განხორციელდეს, რაზეც მუშაობა დაწყებულია. ამაში არის არსებითად ჩართული ორი სამინისტრო - განათლების სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. ვთანამშრომლობთ, ასევე ბიზნესასოციაციასთან, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებითად არის ორი დამსაქმებელი, ესენია - საჯარო სექტორი და კერძო სექტორი. ამიტომ თუ საჯარო და კერძო სექტორი ერთად გავაანალიზებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ბუნებრივია, გავალთ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე და, სწორედ, ამას უნდა დაეფუძნოს მომავალში სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი.
„არის ძალიან უხეში სისტემა - წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ სრულად გააანალიზა ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა.
„ჩვენ სიღრმისეულად გავაანალიზეთ ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა, მათ შორის, სწავლების ხანგრძლივობის ნაწილში, სხვა რეგულაციების ნაწილში და ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ის კონცეფცია რომელიც წარმოვადგინეთ, წარმოვადგინეთ სრულ შესაბამისობაში ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი, რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე არის კანონმდებლობის გადახედვა, ასევე უახლოეს თვეებში უნდა დასრულდეს შრომის ბაზრის ანალიზი.
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს ამისთვის პირობები, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი, თუმცა მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით, მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება მეორე ფაზით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 4 წელიწადში აბსოლუტურად მოსწრებადია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ყველაზე შრომატევადი საქმეა და დროსაც მოითხოვს.
„გვინდა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში და ვფიქრობთ, 4 წელიწადში, მაქსიმუმ 5 წელიწადში შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ახლავე დაიწყება, მაგრამ ვფიქრობთ, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წელიწადში. 3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. აქაც აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც, ვფიქრობთ, რომ 4-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ამიტომ, ვადები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა - მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება და სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის იდეალური პირობები შეიქმნება.
„რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის სრულად გაანგარიშება ჯერ შეუძლებელია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ხარჯტევადი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და ვიდრე არ გვექნება ინფრასტრუქტურის კონკრეტული პროექტი, მანამდე შეუძლებელია საუბარი ხარჯებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ასეულობით მილიონი დაჯდება ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომელსაც არ აქვს კავშირი უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება მათი რეალიზაცია იყოს საინტერესო კომერციული თვალსაზრისით. შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. მთლიანობაში ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ იდეალური პირობები შევქმნათ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის.
ოპტიმიზაციის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ხარჯების დაზოგვა ყველა მიმართულებით. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა გამოიწვევს აკადემიური პერსონალის სახლში გაშვებას, რაც ცარიელი სპეკულაციებია. პირიქით, ამ რეფორმის გატარების პირობებში ჩვენ მაქსიმალურად დაგვჭირდება უნივერსიტეტების უზრუნველყოფა რესურსებით და სახელმწიფო ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ პირიქით, ახალი რესურსები მოიზიდოს, როცა საქმე ეხება ადამიანურ რესურსებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, არსებული სისტემა - 4+2 არავითარ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება.
„არავის გაუანალიზებია, რამდენადაა აუცილებელი 4+2 სისტემა. ჩვენ სიღრმისეული ანალიზი განვახორციელეთ და ვფიქრობთ, საფუძვლიანად ჩავთვალეთ მიზანშეწონილად 3+1+1 სისტემაზე გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ 3 წელიწადში სავსებით არის შესაძლებელი ბაკალავრიატის გავლა მაღალი ხარისხით და ერთ წელიწადში მაგისტრატურის გავლა და + 1 წელიწადში, თუ სტუდენტს უნდა აკადემიური საქმიანობის გაგრძელება.
დამატებით, გაიზრდება სამუშაო ძალა - 30 000 ადამიანით, რაც არის ეკონომიკური ეფექტი, დაკავშირებული ამ კონკრეტულ ცვლილებასთან.
მრავალ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ასეთი სისტემა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ანუ აპრობირებული პრაქტიკაც არის. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი ეს სისტემა და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას. ასევე, თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება ხარჯები, რაც უმაღლეს განათლებასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს თანხები ისევ უმაღლეს განათლებაში უნდა ჩაბრუნდეს, ოღონდ კონკრეტული მიზნობრიობით და ეს მიზანი უნდა იყოს ხარისხის ამაღლება უმაღლესი განათლების სისტემაში,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა უყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე.
„რაც შეეხება ძირითად უპირატესობებს, რაც დაკავშირებულია 12 წლიდან 11-წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლასთან. როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, კითხვა დავუსვი განათლების სპეციალისტებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, არის თუ არა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა 11 წელიწადში. ამაზე საწინააღმდეგო პასუხი ვერ მივიღე, რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა არის შესაძლებელი. მცირე გადანაწილება დასჭირდება სასწავლო პროგრამას. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა, თუ ეს შესაძლებელია, რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელიწადი, თუ შესაძლებელია 11 წელიწადში აითვისოს იგივე პროგრამა. უპირატესობა ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი აქვს. იგივე რომ ავიღოთ ეკონომიკური ეფექტი, აქაც დამატებით გემატება 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვიცით, რა არის არსებული პრობლემა რეალურად, არათუ მეთორმეტე კლასში, მეთერთმეტე კლასშიც მოსწავლეები საერთოდ არ დადიან სკოლაში. აქ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღები გამოცდების შინაარსთან, შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია, სკოლაში სიარულის ნაცვლად, მოემზადოს რეპეტიტორთან ან სახლში მოემზადოს და ჩააბაროს მისაღები გამოცდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს უნდა შეიცვალოს. ერთი, რომ გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე. ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება.
"არავინ საუბრობდა იმაზე, საჭიროა თუ არა 12 წელიწადი, კარგია თუ არა არსებული სისტემა. ერთადერთი, რაც იყო, თუ 12 წელი არ ისწავლა ბავშვმა, საზღვარგარეთ ვერ წავა პირველი კურსიდან უნივერსიტეტში. ჩვენ გვაქვს მარტივი გადაწყვეტა, ეს არ არის მთავარი საკითხი, მთავარია, 11 ჯობია თუ 12 წელი, ამაზე არავინ არ საუბრობს. საუბარია, წავა თუ არ წავა საზღვარგარეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მიგრაციას ბევრი მინუსი აქვს, ვინაიდან როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი საზღვარგარეთ სასწავლებლად, უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში.
„ეს არის თითოეული მოსწავლისა და მშობლის არჩევანი. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი საწავლო პროგრამა. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, იმისათვის, რომ შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, არათუ რამე არ უნდა დასუსტდეს, ან დააკლდეს უმაღლესი განათლების სისტემას, პირიქით, რაც არის, ის უნდა გაძლიერდეს.
„მემგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რადიკალურად არის გასაუმჯობესებელი განათლების დონე. კონკრეტული გზავნილები მოვისმინეთ, ერთი, ალბათ საკმარისად ნათლად არ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა სპეციალობების გადანაწილებასთან დაკავშირებით. გამოშიგვნაზე იყო საუბარი და არც ერთი უნივერსიტეტის გამოშიგვნა არ არის გათვალისწინებული ამ კონცეფციით. პირიქით, როცა საუბარია განსაკუთრებით ორ ძირითად კერაზე, ვამბობთ, რომ ორივე ქალაქში, თბილისში და ქუთაისში უკლებლივ ყველა სპეციალობა უნდა ისწავლებოდეს, რასაც ზოგადად ფარავს უმაღლესი განათლების სისტემა და უფრო მეტიც, რაც დღეს სუსტად არის წარმოდგენილი, უნდა გაძლიერდეს. მაგალითად, კიდევ ერთხელ ავიღოთ ტექნიკური მიმართულებები, ტექნიკური მეცნიერებები, ტექნოლოგიები, რაც არის თვისებრივად გასაძლიერებელი. არათუ რამე არ უნდა დასუსტდეს, ან დააკლდეს უმაღლესი განათლების სისტემას, პირიქით, რაც არის, ის უნდა გაძლიერდეს. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიზნის მიღწევას დასჭირდება წლები, თუმცა როდესაც სისტემა თვისებრივად გარდაიქმნება და ქვეყანას ეყოლება ახალი სისტემის პირველი გამოშვება სტუდენტებისა, შრომის ბაზარზე ხელშესახებ შედეგებზე საუბარი იქნება შესაძლებელი.
„საბოლოოდ მიზნების მიღწევას დასჭირდება წლები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ტექნიკურ მიმართულებებს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გადავაწყოთ სისტემა, თანდათანობით უნდა გავზარდოთ სწავლების ხარისხი და, საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე სისტემა თვისებრივად გარდაიქმნება და ახალი სისტემის პირობებში გვეყოლება პირველი გამოშვება სტუდენტების, იქ უკვე შეიძლება ვისაუბროთ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც უკვე შრომის ბაზარზე აისახება. ამას დასჭირდება რამდენიმე წელი. ტექნიკური მიმართულებებით გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევები და პრობლემები. ჩვენ გვაქვს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს საკმაოდ ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება, თუმცა პრიორიტეტები რაღაც ეტაპზე შეიცვალა 90-იანი წლებიდან და დღეს ეს უნივერსიტეტები უფრო მეტად არის კონცენტრირებული იურისტების, ეკონომისტების, ხანდახან თეოლოგების მომზადებაზე, ვიდრე ტექნიკური დარგის სპეციალისტების მომზადებაზე, რაც პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის. გვაქვს დეფიციტი არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების ნაწილში, ეს ხარისხზეც აისახება ხოლმე. ამიტომ, ამ რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური დარგების განვითარებას. შესაბამისი პრიორიტეტები იქნება ცალკე გამოკვეთილი რეფორმის განხორციელების პროცესში,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განმარტებით, პირიქით, როდესაც დაიხვეწება უმაღლესი განათლების სისტემა, ეს მისცემს სტუდენტებს უკეთეს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
„აქედან გამომდინარე, ამ რეფორმას, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება.
„რაც შეეხება სტუდენტების თბილისში კონცენტრაციას, აქ ასეთი ციტატა უნდა გავიხსენო - „სტუდენტები ფეხებში გვედებიან“ - ჩვენ ასე არ ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე. ეს არ არის ჩვენი ციტატა, ეს ჩვენ არ გვითქვამს. არა მარტო არ გვითქვამს, არც ვფიქრობთ ასე. რაც შეეხება თბილისს, კვლავაც თბილისი უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. უბრალოდ, ვფიქრობთ, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და ამასთანავე რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება ისე, რომ მეტად გადანაწილდეს სტუდენტების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში. ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ის სტატუსს შეინარჩუნებს, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა ფორმით შეეხება ეს რეფორმა, ამაზე მსჯელობა შედგება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოთხ წელიწადში შესაძლებელია თვისებრივი ცვლილების მიღწევა ქვეყანაში და ეს არის განათლების რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა.
„დღეს განათლების სისტემაში გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა. დონე შორს არის დამაკმაყოფილებლისგან, აქედან გამომდინარე, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია. თვისებრივი დაახლოება განვითარებული ქვეყნების სისტემებთან არის შესაძლებელი, თუნდაც 4-წლიან პერიოდში, ინფრასტრუქტურით, სწავლების შინაარსით, სასწავლო პროგრამებით, საკადრო პოლიტიკით. შეგვიძლია 4 წელიწადში მივაღწიოთ თვისებრივ ცვლილებას ქვეყანაში და ეს არის ამ რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა. განათლებული საზოგადოება ნიშნავს განვითარებას ყველა მიმართულებით. ეს ნიშნავს ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური მიმართულებით განვითარებას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და გამყარებას. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაზე, მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე და სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რომელმაც მიგვიყვანა კონცეფციამდე, რომელიც საზოგადოების წინაშე წარვადგინეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.
„ეკონომიკის ზრდასთან ერთად ეს პრობლემა გაიზრდება. ამ 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა ჩვენი ეკონომიკა დოლარში და მაგალითად, 2020, 2019, 2018 წელს თუ ბიზნესსექტორი მთავარ პრობლემად ასახელებდა სრულიად სხვა რამეს, მაგალითად წვდომის დეფიციტი ფინანსურ რესურსებზე და ა.შ. დღეს სამეულშია 2 მთავარი პრობლემა - სამუშაო ძალის დეფიციტი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. არასდროს არ ფიქსირდებოდა 2021 წლამდე ეს პრობლემები ბიზნესსექტორის მიერ გამოვლენილ მთავარ პრობლემებს შორის. ეკონომიკა ვითარდება და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად განვითარდება შემდეგი წლების განმავლობაში და ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ თუ არ დავაწიეთ ამას განათლების რეფორმა, კიდევ უფრო მეტად იქნება აცდენილი ერთმანეთთან შრომის ბაზრის მოთხოვნები და უმაღლესი განათლების სისტემა. დღესაც არის არაერთი სექტორი, სადაც კომპანიებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილების ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ადამიანების მომზადება.
„ასევე, ჩვენი პროგრამის თანახმად და ეს აბსოლუტურად რეალურია, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, უმუშევრობის მაჩვენებელი ჩამოსცდეს 5%-ს რამდენიმე წელიწადში. ასეთ პირობებში, მუდმივად არის საჭირო შრომის ბაზრის შევსება ახალი კადრებით და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი.
ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სწავლების ხანგრძლივობის შემცირება ძალიან წაადგენა შრომის ბაზარს და შესაბამისად, ეკონომიკის სტიმულირებას. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ხანმოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს განათლებას. მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იურიდიული განათლების. სამართალში არის 20-მდე ძირითადი საგანი. ეს 20 საგანი რომ ასწავლო, არის საჭირო, დაახლოებით, 2 წელი, კრედიტების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. 2 წელიც არ არის საჭირო იმისათვის, რომ იურისტმა ბაკალავრიატის ეტაპზე გაიაროს ყველა ძირითადი საგანი. შემდეგ რჩება სპეციალიზაცია და არჩევითი საგნები და რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სტუდენტმა გაიაროს 10-ზე მეტი საგანი, არჩევითი, სპეციალიზაციის მიხედვით. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ეს არ არის საკმარისი ბაკალავრიატის დონეზე სათანადო კვალიფიკაციის იურისტის მოსამზადებლად, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ სტუდენტი გაივლის 17-18 ძირითად საგანს და ზევიდან დაახლოებით 12 არჩევით საგანს, მომზადებული იქნება კვალიფიციური იურისტი ბაკალავრიატის დონეზე. იგივე ეხება მაგისტრატურასაც. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული არგუმენტებით და ჩაღრმავებით. ზეპირად კი არ გვაქვს განსაზღვრული, რომ 3 ჯობია 4-ს ან 1 ჯობია 2-ს. კონკრეტულად საგნების დონეზე შეგვიძლია დაგისაბუთოთ, თუ რატომ არის სავსებით საკმაირის 3 წელი იმისათვის, რომ მოამზადო მაღალი კვალიფიკაციით იურისტი ბაკალავრი.
დღეს რა ხდება, ისევ სამართლის მაგალითს მოვიყვან. იმ მიმართულებაზე, სადაც მე ვასწავლი თსუ-ში, ხელოვნურად არის გაყოფილი საგანი 2 მიზეზის გამო, ერთი, რომ ხელოვნურად ზრდიან პროგრამის მოცულობას, საგნების რაოდენობას და მეორე - კონკრეტულად ჩემს მიმართულებაზე არის 6 სრული პროფესორი, 5 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორი. ხელოვნურად არის არასწორად გადანაწილებული. წესით უნდა იყოს პირიქით, ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ უნდა იყოს 1 სრული პროფესორი, 2 ან 3 ასოცირებული და 10 ასისტენტ-პროფესორი. მარტივი ციფრებითაც ჩანს, როგორი მახინჯი სისტემაა ჩამოყალიბებული, 6 სრული პროფესორი გვყავს , 5 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორი. შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, პირიქით არის, 1 სრული, 2 ასოცირებული, 10 ასისტენტი იქნებოდა იდეალური. იმის გამო, რომ არის სიჭარბე სწავლების ხანგრძლივობაში, კადრების მიმართულებით არასწორად არის განსაზღვრული პოლიტიკა, ხელოვნურად ყოფენ საგნებს, სალექციო ჯგუფებს. ამაზე იხარჯება ჭარბი რესურსი, სახელმწიფოს რესურსი და ა.შ. ეს ხომ უნდა შეიცვალოს. გეუბნებით არგუმენტებით და თუ გაქვთ საპირისპირო არგუმენტები, მაშინ შეგვიძლია თქვენს არგუმენტებზეც ვიმსჯელოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია თითოეული საკითხი სიღრმისეულად განხილვა.
„მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორც წარმატებით პირადად მე უზუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ზოგადი განცხადებების ნაცვლად მომავალში მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემაზე. როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან მომავალშიც იქნება სრული მზაობა ამისათვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ინტერპელაციები, განხილვები, ანგარიშის მოსმენები წარიმართება სწორედ ასეთ ფორმატში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდება. მადლობა განათლების მინისტრს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება დეკონცენტრაციას, აქ უფრო მეტად საუბარის ქვეყნის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევაზე და არა იმდენად განათლების ხარისხის კუთხით არსებულ გამოწვევაზე.
„კონცენტრაცია არის პრობლემა თანაბარი განვითარების კუთხით, ამიტომ რეალურად დეკონცენტრაცია არის ერთ-ერთი თანმდევი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას. პირდაპირ კავშირში ეს განათლების ხარისხთან რა თქმა უნდა, არ არის. აქ მთავარი ამოცანაა ის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას. რომ ავიღოთ ქუთაისი, რომელიც ტრადიციულად იყო ინდუსტრიული ქალაქი საბჭოთა პერიოდში, იცით, რომ ქალაქმა თავისი ინდუსტრიული ფუნქცია დაკარგა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამას მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, ძალიან დიდი მიგრაცია. მიგრაცია დღესაც გრძელდება. ქუთაისი არის ერთ-ერთი ქალაქი, საიდანაც მიგრაცია მეტია, ვიდრე დაბრუნების მაჩვენებელი. თანდათანობით კლებულობს ქუთაისის მოსახლეობა. ჩვენ ვფიქრობთ, ქუთაისს უნდა შევძინოთ სრულიად ახალი ფუნქცია. საუნივერსიტეტო ქალაქად ქუთაისის გარდაქმნა, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია დეკონცენტრაციაზე, აქ მთავარი მიზანი არის ქვეყნის თანაბარი და რეგიონების თანაბარი სოაციალურ-ეკონომიკური განვითარება და არა იმდენად განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება სტუდენტების განაწილებას სპეციალობებისა და რეგიონულ ჭრილში, ამაზე დაახლოებით 2-3 თვეში იქნება კვლევის შედეგები და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება სტუდენტებზე ადგილები სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით.
„რაც შეეხება რეგიონულ ჭრილში გადანაწილებას, აქაც უხეშად შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ნაწილდება ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, მაგრამ არა არსებითად. დღეს 85% თბილისი 15%-ია ყველა დანარჩენი, მათ შორის ქუთაისი არის 5% ყველა დანარჩენი არის 10%. დღევანდელი მდგომარეობით, 5 რეგიონული უნივერსიტეტია, ეს არის ბათუმი, გორი, ახალციხე, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისის არ ვთლი, რადგან ცალკე გვაქვს გამოტანილი. ამ ხუთ უნივერსიტეტში შეიძლება, 10%-იანი მაჩვენებლიდან ავიდეთ დაახლოებით 15%-იან მაჩვენებელზე. რაც შეეხება თბილისსა და ქუთაისს შორის სტუდენტების გადანაწილებას, ვფიქრობთ, რომ თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად კერად და დაახლოებით პროპორცია უნდა იყოს 2/1-ზე. ეს არის ჩვენი წარმოდგენა. შეიძლება, თბილისში სწავლობდეს 60 ათასი სტუდენტი, ქუთაისში 30 ათასი სტუნდენტი, დაახლოებით 15 ათასი სტუდენტი რეგიონებში, ეს არის უხეში დათვლა. დღეს სტუდენტების რაოდენობა არის 150 ათასი და ჯამურად შემიცრდება 110 ათასამდე. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური გადანაწილება.
თბილისშიც და ქუთაისშიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობის დაფარვა. მაგალითად, ფიზიკის ფაკულტეტი უნდა იყოს თბილისშიც და ქუთაისშიც. არ არის გათვალისწინებული თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა. რაც შეეხება რეგიონულ უნივერსიტეტებს, ჩვენი ხედვით, ესენი უნდა იყოს უფრო პროფილური და აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული, აგრარულ, პპედაგოგიურ მიმართულებაზე და ა.შ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები.
„დეფიციტი არის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ტექნიკური მიმართულებები - მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები, გეოლოგები. სახელმწიფოსაც აქვს ეს პრობლემა იმიტომ, რომ სახელმწიფო შესყიდვებს აცხადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სერიოზული პრობლემებია, მათ შორის, ხარისხის კუთხით, ვინაიდან არ გვყავს კვალიფიციური კადრები ბევრი მიმართულებით, კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ. დღეს, საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიამ უნდა უკარნახოს, თითქოს, ვინ რა უნდა ასწავლოს და როგორ უნდა ასწავლოს. დღეს, პარტია არაფერ შუაში არ არის და არავინ არაფერს არ კარნახობს. შესაბამისად, გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. ჭარბად ვუშვებთ იურისტებს და ეკონომისტებს ორმაგი და სამმაგი რაოდენობით, კვლევა ჩატარდა პარლამენტის ეკონომიკურ კომიტეტში - სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ხუთმაგი აცდენა რომ გაქვს, მაგალითად იურისტების შემთხვევაში, წინასწარ წირავ 80%-ს სტუდენტებისა დაუსაქმებლობისთვის. და არავინ კარნახობს არავის. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი ხომ სახელმწიფომ უნდა უკარნახოს სისტემას და რატომ უნდა გაწიროს სახელმწიფომ იურისტი სტუდენტების 80 % დაუსაქმებლობისთვის თავისი სპეციალობით, თუ შეუძლია, რომ არ გაწიროს. მარტივად არის საქმე. სწორედ, ამისათვის არსებობს ხარისხის მართვის სისტემა, ეს არ არის კარნახი. არსებობს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ამოდის, რა თქმა უნდა, ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემის ამოცანებიდან და ამოდის სახელმწიფო ამოცანებიდან, ეს ასე უნდა იყოს ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ასეა. ყველა ქვეყანა პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ სტუდენტი მიიღებს ხარისხიან განათლებას და სტუდენტი იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილით, როდესაც დაამთავრებს უნივერსიტეტს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, მით უმეტეს ახალგაზრდები, სტუდენტები, არასწორი მიმართულებით პროცესების განვითარებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემაში არის დეფიციტური მიმართულებები, სადაც უცხოელების ჩამოყვანაც კი გახდება საჭირო, რადგან არ არის ქართველი კადრი, ვინც შეიძლება, მაღალი დონის ლექცია ჩაატაროს.
„არათუ არ შეიძლება, ვინმე გავყაროთ, პირიქით, გვჭირდება მაქსიმალურად კვალიფიციური კადრების მოზიდვა იმისთვის, რომ მათ მაღალი ხარისხის ცოდნა გაუზიარონ სტუდენტებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა, არამედ ეს არის ეროვნული ამოცანა. განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ეს გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, მაქსიმალურად ვიზრუნოთ უმაღლესი განათლების რეფორმის გატარებაზე. აქ საუბარი იყო, რომ არა მარტო ქვეყანას, არამედ პარტიასაც შევუქმენით პრობლემები. მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორ წარმატებითაც პირადად მე უზრუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინფრასტრუქტურით, თვითრეალიზების შესაძლებლობებით, საერთო საცხოვრებლებით, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებით.
„ეს არის დღეს სტუდენტის სახე უმაღლესი განათლების სისტემაში, სამწუხაროდ. და როგორია სტუდენტის მდგომარეობა ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ. ეს არის უკეთესი ინფრასტრუქტურა, მიდიხარ მაღალი დონის, თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიაში, გხვდება კვალიფიციური ლექტორი, მაღალი დონის სახელმძღვანელო, მაღალი დონის სასწავლო პროგრამა, საერთო საცხოვრებელი დღეს რომ არ არსებობს და ბინას ქირაობ სამჯერ მეტ ფასად, შეიძლება სამჯერ იაფად გქონდეს მაღალი დონის საერთო საცხოვრებელი, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს არის, როგორიც უნდა იყოს სტუდენტის მდგომარეობა რეფორმის განხორციელების შემდეგ. თუ აქ არ ჩანს ადამიანი, მაშინ სად შეიძლება გამოჩნდეს სტუდენტის მდგომარეობა სხვაგვარად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
