"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აქტი დეკემბრიდან ამოქმედდება" - რიკარდ იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

"ხელმოწერის ცერემონია დასრულებულია. ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება", - დაწერა იოზვიაკმა და "ტვიტს" საქართველოს დროშა დაურთო.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ მექანიზმის განახლებას, რომელიც შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის მესამე ქვეყნების ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გაამარტივებს, მხარი 17 ნოემბერს დაუჭირა.

ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირს საშუალება ექნება, უფრო მარტივად შეუჩეროს უვიზო მიმოსვლის სტატუსი ქვეყანას, თუ ის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაში არ მოდის. ამასთან, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, თუ მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობა გაუარესდება, მაგალითად, ადამიანების უფლებების დარღვევის გამო.

ახალი რეგულაციით, უვიზო მიმოსვლის პირველად შეჩერების ხანგრძლივობა 12 თვემდე გაიზრდება, ნაცვლად ახლა მოქმედი 9 თვისა. ამასთან, პირველადი პერიოდი შესაძლოა, მაქსიმუმ, 24 თვემდე გახანგრძლივდეს, ნაცვლად - 18-ისა.

ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ვიზების გაუქმების მიზანმიმართულ მიდგომას. მექანიზმის წინა რედაქციით, უვიზო რეჟიმის შეჩერება სამიზნე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე მოქმედებს, ახალი წესების თანახმად კი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე. არამედ, ევროკავშირს შეუძლია გადაწყვიტოს (გააგრძელოს) მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიზანში ამოღება.