ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს 2012 წლამდე იყენებდა, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს - გომელაური

ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს იყენებდა 2012 წლამდე. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნივთიერება 2012 წლის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა.

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე, თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“, – განაცხადა გომელაურმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „ბიბისიმ გამოაქვეყნა მასალა სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.