ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს, ასეთ სიცრუეს ავრცელებს.
„უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე გაავრცელებს შინაგან საქმეთა მინისტრი, შსს, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია, არ შეიძლება, BBC-ი, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ „ფეიქ“ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, „ბიბისიმ“ ამ შემთხვევაში, რაც არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი არის ყველაფერი მეორეხარისხოვანი. როდესაც BBC-ი კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შსს გაავრცელებს ინფორმაციას და მოგაწვდით კიდევ ერთხელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ“.
თავისთავად, ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. პირველ რიგში, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს. რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შსს დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა „ბიბისიმ“. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე, „ბიბისიმ“ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრი გაგიზიარებთ ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, BBC დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და ყველაფერი ადასტურებს, რომ BBC-მ იმოქმედა, როგორც „ფეიკ“ ტელევიზიამ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მინისტრი გაგიზიარებთ ინფორმაციას კვლევასთან დაკავშირებით და ამით დადასტურებდა, რომ რაც გაავრცელა BBC-მ, ეს იყო სრული სიყალბე. BBC-ის სიყალბეზე მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.
ყველაფერზე გიპასუხეთ. რა ნივთიერება იყო გამოყენებული, ამაზე გიპასუხებთ შინაგან საქმეთა მინისტრი. რაც შეეხება ნივთიერება „კამიტს“, საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე, დანარჩენზე დეტალურად გაცნობებთ შინაგან საქმეთა მინისტრი. გუნდმა BBC-ის თავის დროზე გასცა დეტალური პასუხი, თუმცა საერთოდ არ გამოიყენეს. კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ BBC-ის ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა BBC დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ BBC-მ იმოქმედა, როგორც „ფეიკ“ ტელევიზიამ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თინა ხიდაშელის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი წერილი, სადაც ის ბრალს დებს საქართველოს ხელისუფლებას, არის სამარცხვინო ღალატი, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები სჩადიან მრავალი წელია.
„თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს. რაც შეეხება სპეკულაციებს, იგივე, ვიზიტის თემით, იმ ვიზიტში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, თუმცა, იქ თინა ხიდაშელებს არ დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით და არც საერთაშორისო თინა ხიდაშელებს დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით. ეს არის სამარცხვინო ღალატი, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები სჩადიან მრავალი წელია“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შესაძლებელია, სამართლებრივადაც შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა.
„როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას, სახელმწიფოს საზიანო, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება იყოს შეფასებული კრიმინალად, თუმცა, მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, მაგრამ, ზოგადად, ყალბი ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. ტელევიზიას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია. როდესაც კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს სამართლებრივადაც შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა. ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ რაიმე სანქცია დაწესდება, ამას არანაირი ფასი არ ექნება. „ბი-ბი-სი“ ენდობა ჩახუნაშვილებს, ჩახუნაშვილების, ასევე კონკრეტული მოღალატე სპეცრაზმელების დონემდე დავიდა „ბი-ბი-სი“, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს იყო მორიგი სიყალბე და ამით საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია,“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის მის წინააღმდეგ.
„ის ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, სანქციები არ არის საინტერესო, თქვენ ცდილობთ, რომ ხელოვნურად წამოწიოთ ეს თემა,“- აღნიშნა პრემიერმა.
