ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება.
საქმეში სულ 26 აპლიკანტია. მათგან 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ არ მომხდარა კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულება).
როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი,ყველა მომჩივანი, ერთის გარდა, იყო საპროტესტო აქციის მონაწილე ან ჟურნალისტი, რომელიც დემონსტრაციას აშუქებდა. მათმა უმრავლესობამ მიიღეს დაზიანებები ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, დანარჩენებმა კი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 3-4 საათის განმავლობაში ისროლეს 800 რეზინის ტყვია, ხშირად თავისა და სხეულის ზედა ნაწილის არეში, როგორც 17 მომჩივანის შემთხვევაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი გამოძიება უკვე ხუთწელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას მაინც არ მოჰყოლია ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება; გამოძიება არ მისულა რამე დასკვნამდე განმცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ან იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობასთან დაკავშირებით, რომლებმაც გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა ან გასცეს შესაბამისი განკარგულება.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ განმცხადებლების დაზიანებები მათივე ქმედების გარდაუვალი შედეგი იყო.
პრესრელიზის თანახმად, როგორც ჩანს, პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, როგორც ხალხის კონტროლის ზოგადი იარაღი. კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში იყო მთელი რიგი ხარვეზები პოლიციის მიერ დემონსტრაციების დროს რეზინის ტყვიების გამოყენების და დემონსტრაციის დაშლის წესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განმცხადებელი ჟურნალისტებისთვის მოვლენების უსაფრთხოდ და თავისუფლად გაშუქებაში ხელის შეშლა არ იყო გამართლებული ან პროპორციული.
როგორც სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, დემონსტრაციის დაშლის სურვილი გარკვეულწილად გამართლებული ყოფილიყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობდა და ზოგიერთ მომიტინგეს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაშლის გზა გამართლებული არ იყო. კერძოდ, არ იყო გაცემული დაშლის ბრძანება და არც მკაფიო ხმოვანი გაფრთხილება რეზინის ტყვიების მოსალოდნელი გამოყენების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული იქნა გაუმართლებელი ძალა, რამაც განმცხადებლებს და სხვებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
თავისი დასკვნების შედეგად, დიდმა პალატამ მიუთითა ის ზომები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს, კერძოდ, რეზინის ტყვიების გამოყენების რეგულირებასთან და მათი სათანადო გამოყენების წესებთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ორი მომჩივანიდან თითოეულს 75 ათასი ევრო, კიდევ ორ მომჩივანიდან თითოეულს – 85 ათასი ევრო. მან ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ყველა მომჩივანს სხვადასხვა რაოდენობის თანხა, რომელიც მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ასევე, ერთობლივად 22 მომჩივანს – 38 ათასი ევრო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.
