ჩამორთმეული მართვის მოწმობა 35 445 პირს აღუდგება, მათ შორის მათ, ვინც ავტომობილს სიმთვრალეში მართავდა - კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტიის კანონპროექტს. კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარი დაუჭირეს და პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხომაზე განიხილავენ.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ მომზადდა.

ამნისტია შეეხებათ მათაც, ვისაც მართვის მოწმობა ალკოჰოლური თრობის საფუძველზე აქვს შეჩერებული. ასეთი სულ 18,310 პირია. სულ არსებული მდგომარეობით, სხვადასხვა მიზეზით მართვის უფლება 35,445 პირს აქვს ჩამორთმეული. აქედან 3504 ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, თუმცა კანონპროექტის თანახმად, ამ პირებს აღდგენის საშუალება მხოლოდ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ექნებათ.

ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134;
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;
ქულების ამოწურვისთვის — 781;
სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;
სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389.
მართვის მოწმობების აღდგენა 2026 წლის 1 იანვრიდან მოხდება. თუმცა ამავდროულად 2026 წლის 1 თებერვლიდან უქმდება ჩამორთმეული მართვის მოწმობის ვადაზე აღდგენის შესაძლებლობა, რასაც ამჟამად კანონმდებლობა ითვალისწინებს. კერძოდ კი პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამოერთვათ კონკრეტული მუხლებიდან გამომდინარე 2,500-3,000 ან 5,000 ლარის გადახდის და მართვის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მართვის ვადაზე ადრე აღდგენას ახდენდნენ. ეს შესაძლებლობა უქმდება და 2026 წლიდან ვისაც მართვის მოწმობა ჩამოერთმევა, მის ვადაზე ადრე აღდგენას ვეღარ შეძლებენ.

"პირველ რიგში ეს იქნება ერთჯერადი აქტი და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, ყველას უპირობოდ აღუდგება მართვის მოწმობა. 35,000-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა. თუმცა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ვისაც აქვს ჩამორთმეული, ისინი ცნობის წარდგენის გარეშე ვერ აღიდგენენ. ჩვენ ამ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აღიდგინონ მართვის მოწმობა, მაგრამ ამავდროულად კანონმდებლობიდან ვიღებთ ყველა იმ მუხლს, რომელიც ვადაზე ადრე აძლევს საფასურის გადახდით მართვის მოწმობის აღდგენის შესაძლებლობას", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ პლენარულ სხდომაზე.

"კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო, რომ პირს, ვისაც ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა 6 თვეში შეეძლო მიემართა საპატრულო პოლიციისთვის და განსაზღვრული საფასურის გადახდით აღედგინა მოწმობა. ეს აღარ იქნება და პირებს, ვისაც სიმთვრალეში მართვის თუ სხვა მიზეზის გამო ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობა 1 წლით თუ სხვა ვადით აღარ ექნებათ ვადაზე აღდგენის საშუალება", - განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა არჩილ გორდულაძემ.

"პროექტი ითვალისწინებს, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა სახელდადებულად.

ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება უნდა აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე.

გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.

45-ე მუხლი ეხება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას, 451 -ე მუხლი - მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, მოხმარებას ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, ხოლო 1152-ე მუხლი - სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირი შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა. მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან/და თანამდებობის პირმა 2026 წლის 1 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და აკაკი ალადაშვილი.