თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, ვერც შანტაჟის ამ ბოლო ინსტრუმენტით ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში ხელოვნურად რევოლუციას, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია.
„ჩვენს ინტერესებშია, მოსახლეობის ინტერესებშია, რომ გვქონდეს კომფორტი და არ შეექმნას ადამიანს დისკომფორტი ვიზის რიგში დგომით და ა.შ. მაგრამ, იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა. იმედია, იმას მაინც ხვდებიან, რომ ვერც შანტაჟის ამ ბოლო ინსტრუმენტით ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად რევოლუციას, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ ისინი არაპრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თეორიულად ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, რევოლუციას მაინც ვერ გამოიწვევენ და საბოლოო ჯამში, ის ბოლო ინსტრუმენტიც დაეკარგებათ, რაც აქვთ შემორჩენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ვფიქრობ, უფრო მეტად პრაგმატული გადაწყვეტილებისკენ გადაიხრება ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება თუ ნებისმიერი რამ.
„ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელსაც ეწევა დღემდე ევროპული ბიუროკრატია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ გავიხსენოთ, რას ითხოვდნენ, როდესაც ისინი ითხოვდნენ სასამართლოს გადაცემას ოპოზიციისთვის, ცესკოს გადაცემას ოპოზიციისთვის. წარმოიდგინეთ< რომ ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და მათი ინტერესია, რომ ყველა ინსტიტუტი გავიდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გავლენის სფეროდან. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ რომელიღაც ინსტიტუტი უნდა აკონტროლოს, ან პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს და ა.შ, აქ საუბარია ჯანსაღ კონსტიტუციურ სისტემაზე. მათ უნდათ, რომ კონკრეტული ინსტიტუტები გავიდეს კონსტიტუციური წესრიგიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო ეროვნული ბანკი.
„ათასი ინსტიტუტი ჩართეს ამაში, მაგრამ პირველ რიგში ეს იყო სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა. გვიკრძალავდნენ პირდაპირ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას. რეალური მიზანი რა იყო - ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტეთ ეროვნული ბანკის საბჭო. მათთან ერთად დაკომპლექტება ნიშნავდა მათი ხალხით დაკომპლექტებას, სხვანაირად კონსენსუსი როგორ უნდა იყოს მიღწეული. რისთვის სჭირდებოდათ ეროვნული ბანკი? დღეს გადავხედოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგებს - ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის 6 მილიარდს პირველად გადააჭარბებს ჩვენი სავალუტო რეზერვები. ლარის კურსი მყარად არის შენარჩუნებული და ა.შ. ეს არის სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ არაფერშ არ გვჭირდება საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის გავლენა რაღაც ინსტიტუტებზე. ერთადერთი, რისთვისაც გვჭირდება, რომ კონსტიტუციური წესრიგდან არ გავიდეს ეროვნული ბანკი, არის ის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს დაცული - კურსი მყარად შენარჩუნდეს, საბანკო სისტემაში იყოს კონკრეტული წესები დამკვიდრებული, ივსებოდეს სავალუტო რეზერვები, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის და მოქმედი საბჭოს პირობებში. ისინი ითხოვდნენ, რომ ასეთი საბჭო და პრეზიდენტი კი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად ეროვნულ ბანკს უნდა ჰყოლოდა ქადაგიძისნაირი პრეზიდენტი, რომლის პირობებშიც ლარის კურსს რა დაემართა და რეზერვები სად იყო, ყველას ძალიან კარგად ახსოვს. როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს ასეთ რამეს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, თავი დავანებოთ სასამართლოს, ცესკოს და ა.შ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რას ნიშნავს ცესკოს ჩაბარება ოპოზიციისთვის, რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამ ყველაფერს, ეს ალბათ ყველთვის სრულიად ცხადია. ეროვნული ბანკის გადაცემაც რომ გინდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, რადიკალური ოპოზიციისთვის, იქ ხომ ჩანს, რომ შენ არ გამოძრავებს კეთლი ზრახვები საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება, თუმცა ვნახოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული დამოკიდებულებები შეიცვლება.
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ყველაფერი განვითარდა 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და გამოხატა თავისი საარჩევნო პოზიცია, მოუწოდა ამომრჩევლებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ევროპულმა ბიუროკრატიამ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. რეალურად, ყველა აღიარებს ხელისულებას, ამის დასტურია ის ოფიციალური ღონისძიებები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება. აღიარებაში კი არ არის საქმე, ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში.
„ნატოს რაც შეეხება, რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა. ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვყანა, სამჯერ. ერთხელ ეს ოყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე. ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ეს არ არის სიახლე, იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს გაფართოების შეჩერებაზე საუბარი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. აქ აისახა ის, რაზეც ორი-სამი წელია მიმდინარეობს საუბრები. ჩვენ აქაც პრაგმატულად უნდა შევხედოთ მოვლენების განვითარებას. დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ამ წლების განმავლობაში, თუმცა, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მშვიდად და მოთმინებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების ოპტიმიზმის ზოგადი და კონკრეტული საფუძველი ასევე არის ომის დამთავრება უკრაინაში.
„ევროკავშირი დღითიდღე სუსტდება, წლიდან წლამდე სუსტდება. მე არაერთხელ ვთქვი და რაზეც ვსაუბრობდი, პირდაპირ ჩაიწერა აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში. პირდაპირ თქვეს, ოღონდ იქ ციფრები რატომღაც სხვანაირად იყო მოყვანილი, 14% თქვეს, სინამდვილეში 17,5%-მდე არის ჩამოსული მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი 30%-დან. 2008 წელს იყო 30% და შარშან იყო 17,5% და წელს სავარაუდოდ დამატებით 17%-მდე შემცირდება. ევროკავშირს წლიდან წლამდე უკუსვლა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტენდენციები არის ძალიან მძიმე. ომის დამთავრება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი. ევროკავშირის დასუსტება იქნება თუ არა ის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სამართლიანად საუბარს, ეს არ ვიცი. ჩვენთვის მთავარი ინტერესია, ევროკავშირში შემობრუნდეს ის ტენდენციები, რომელიც დღეს არის. უკუსვლა თუ იქნება ასე გაგრძელებული, ეკონომიკური, დემოკრატიული, ადამიანის უფლებების კუთხით და ა.შ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იცვლება მთლიანად მოცემულობა, რადგან ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა ჩვენთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირშ შემობრუნდეს ის უარყოფით ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით.
„შესაბამისად, რასაც ისინი გადაწყვეტენ, ის მოხდება ევროკავშირში. ეს ჩანაწერები რაც არის მოცემული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში ევროკავშირის შესახებ, არ გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას, რადგან პირდაპირ ვხედავთ საფუძვლიან კრიტიკას, მაგრამ ეს საფუძვლიანი კრიტიკა არ ისმოდა მანამდე ამერიკულ დოკუმენტებში. რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი ამ 3-4 წლის განმავლობაში, ზუსტად იგივე წერია ამ დოკუმენტში. შეიძლება, ეს ვიღაცამ წაიკითხოს ისე, რომ პირიქით ამ ტენდენციების ხელშეწყობა შეიძლება გაგრძელდეს კონკრეტული ძალების მხრიდან, ვნახოთ, ამ მარჩიელობაში ჩვენ ვერ შევალთ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ მუშაობენ ერთმანეთთან მსხვილი ძალები - აშშ და ევროკავშირი. უბრალოდ ჩვენს ინტერესებშია ევროკავშირი გაძლიერდეს და როგორც წერია ამ დოკუმენტში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შემოტრიალდეს დადებითისკენ ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც არის ევროკავშირში ჩამოყალიბებული. თუ ეს მოხერხდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო სუბიექტურად ჩვენთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, ჩვენ ყველას გული შეგვტკივა ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროპა გამორჩეული იყო ორი რამით ყველა სხვა დიდი სუბიექტისგან მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის მაღალი ხარისხი და იდენტობის მაღალი ხარისხი.
„2008 წელს ევროკავშირი იყო პირველ ადგილზე, როდესაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 19 ტრილიონზე მეტი, აშშ-ის იყო 15 ტრილიონი 2008 წელს და ჩინეთის იყო 4 ტრილიონი. ახლა ჩინეთი არის 18 ტრილიონი, აშშ თითქმის 30 ტრილიონი და ევროკავშირი არის დარჩენილი 19 ტრილიონზე. ხედავთ, როგორი ტენდენციებია მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირის ჰქონდა ერთი ძლიერი მხარე, ძლიერი კეთილდღეობის დონე, მაღალი დონე და მეორე ეს იყო იდენტობის მაღალი ხარისხი. ერთადერთი სუბიექტი იყო მსოფლიო მასშტაბით, რომელიც გამოირჩეოდა ერთდროულად ამ ორი რამით. მაღალი ხარისხი კეთილდღეობის და მაღალი ხარისხი იდენტობის. ხედავთ, რომ ევროკავშირი წლიდან წლამდე სწრაფი ტემპებით კარგავს ერთსაც და მეორესაც. კეთილდღეობასაც და იდენტობასაც. ეს კიდევ ერთხელ არის იმ არაფორმალური ძალების ინტერესების შედეგი, რომლებიც კარნახობენ თავიდან ბოლომდე განვითარების ტენდენციებს ევროკავშირს. ეს თუ გაგრძელდა, ევროპას მძიმე მომავალი ექნება. ჩვენ შეგვტკივა გული არა მხოლოდ ევროკავშირზე როგორც ინსტიტუტების ერთობლიობაზე და პოლიტიკურ სუბიექტზე, ჩვენ პირველ რიგში ევროპის კონტინენტზე შეგვტკივა გული და იმ პროცესებზე, რაც დაკავშირებულია კეთილდღეობის შემცირებასა და იდენტობის დასუსტებასთან. ჩვენ ზოგადი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირში ეს ტენდენციები შემობრუნდება, ამაში რა როლს შეასრულებს აშშ, უნდა დაველოდოთ ჩვენ გაგვიჭრდება 100-პროცენტიანი პროგნოზის გაკეთება ამასთან დაკავშირებით. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ს მხრიდან დადებითი გავლენა ექნება იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროკავშირში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არაფორმალური ძალები რა გავლენას მოახდენენ ევროკავშირში განვითარებულ პროცესებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავარია, რომ ქვეყანამ განაგრძოს იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც აქვს არჩეული.
„მთავარია, რომ ჩვენ განვაგრძოთ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც გვაქვს არჩეული. რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს, აქაც აბსოლუტურად გაცხადებულია ჩვენი სურვილი და მიზანი. ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, თუ ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის ბრძოლაში, საბოლოოდ, არაფორმალური ძალები გაიმარჯვებენ, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი, ხოლო თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი ექნება ევროკავშირს პოზიციების გასაძლიერებლად.
„აქ მთავარი არ არის აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები, მთავარია, რა აინტერესებთ არაფორმალურ ძალებს და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ის, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება, ამ შემთხვევაში, ამერიკული დოკუმენტების ჩანაწერებიდან. არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის, მათ შორის, ბოლო ომების და ბოლო ომის მთავარი მსხვერპლი მსოფლიოს დიდ სუბიექტებს შორის, რა თქმა უნდა იყო ევროკავშირი. მათ შორის, ყველაზე დიდი ზიანი მიიღო უკრაინამ, უკრაინის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ დიდ მოთამაშეებს შორის, ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს შორის, მთავარი მსხვერპლი ამ ომისა იყო - ევროკავშირი. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ეკონომიკა, ის უმძიმესი ეკონომიკური ზიანი, რომელიც მიიღო ევროკავშირმა და ეს ზიანი დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც თანდათან მოხდა ევროკავშირისა და რუსეთის დაშორიშორება. ამით ევროკავშირმა თანდათან დაკარგა წვდომა რუსულ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის და მთლიანად ევროპის ეკონომიკის განვითარებისთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებმა დაკარგეს წვდომა იაფ, რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. ეს იყო მთავარი მიზანი ჩვენი აზრით იმ ომის, რომელიც დაიწყო, საბოლოო ჯამში, ჯერ 2008 წელს საქართველოში, შემდეგ ორი ომი იყო უკრაინაში. მთავარი მსხვერპლი იყო ევროპა და ევროკავშირი. შედეგები არის სახეზე - ეკონომიკა ჩამოვიდა 30 %-დან 17.5 %-მდე, დაკარგეს იდენტობა, არის მძიმე პრობლემები ინდუსტრიაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ევროკავშირი არის მთავარი მსხვერპლი. რასაც ვკითხულობთ ჩვენ იმ დოკუმენტიდან, რომელიც გამოქვეყნდა, შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ვიღაცას ეს საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი - რასაც ჰქვია ევროკავშირის საბოლოო დასუსტება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. „დიფ სთეითს“ შორის, ანუ არაფორმალურ ძალებს შორის, რომელთაც აქვთ გავლენა ჯერ კიდევ აშშ-ზე და აქვთ არსებითი, გადამწყვეტი გავლენა ევროკავშირზე. მთავარი იქნება ის, თუ რით დასრულდება ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის. თუ არაფორმალური ძალები საბოლოოდ გაიმარჯვებენ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი. თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი აქვს ევროკავშირს, რომ გაიძლიეროს პოზიციები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს,“- განაცხადა პრემიერმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოლაპარაკებების საგანია ის, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმით წარიმართება აზერბაიჯანიდან ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.
„ჩვენთვის აბსოლუტურად მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული მხარის ინტერესები, ასევე სომხური მხარის ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა სამხრეთის გაზის დერეფნის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მიღწეული იქნება ორივე მხარისთვის საინტერესო შეთანხმება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის, ტრანზიტის შესაძლებლობები განვითარდეს.
„ეს წარმატებით ვერ განხორციელდება შუა აზიის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან სომხეთთან თანამშრომლობის გარეშე და ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მე მქონდა თურქმენეთში. მე მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობა. ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ კუთხით, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე, იქნება ეს თურქმენული გაზის ტრანზიტი, აზერბაიჯანი, თუ ყაზახეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, უზბეკეთი თუ ა.შ. ჩვენ ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის უწყებრივ დონეებზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
