სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა, გარდა ამისა, ჯაფარიძეს ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ზურაბ ჯაფარიძეც.

როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, ჯერ არ აქვს პოზიცია, გადაიხდის თუ არა გირაოს.

„არ მაქვს ჯერ პოზიცია. ჩემი აზრით, ერთადერთი, რასაც უკავშირდება  გადაწყვეტილება, არის ჩემი დღევანდელი ბრიფინგი, სადაც ვისაუბრეთ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ადამიანების წინააღმდეგ სისტემური წამებისა და ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე. ერთადერთი ამას ვუკავშირებ, სხვანაირად ვერ ვხსნი, დღეს რა შუაში იყო ეს ამბავი, რატომ არ გააკეთეს პარასკევს?“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა 6 ნოემბერს დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.