საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოძიებაში იკვეთება სქემები, რომლის მიხედვითაც კორუფციული, უკანონო თანხებით ფინანსდებოდა „რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია“.
პაპუაშვილის თქმით, გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მიუთითა, რაც მისი შეფასებით, აჩენს ეჭვს, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები, შესაძლოა, შეთანხმებულად მოქმედებდნენ სხვადასხვა ჯგუფებთან, გარკვეული თემების გაშუქების ან არგაშუქების სანაცვლოდ.
„გენერალურმა პროკურორმა, მათ შორის, ერთ საინტერესო დეტალზეც მიუთითა. როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. ასე რომ, მე ამაზე დავფიქრდებოდი თუ რასთან გვქონდა საქმე. ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც, როგორც ჩანს, დაკავშირებული, ან შეთანხმებული იყო ასეთ დროს, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. ასე რომ, ესეც საინტერესო დეტალია, იმედია უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პასუხისმგებლობაზე დასმულ კითხვაზე პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, პარტიის ყრილობაზე ერთ-ერთ მთავარ აქცენტად სწორედ კორუფციასთან ბრძოლა დასახელდა.
„ფაქტი, რომ კორუფციული შემთხვევების გამოვლენა ხდება და სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ თანამდებობებს, ადასტურებს, ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მოურიდებლობაზე. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დამოკიდებულება სერიოზულია. ბიძინა როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და არჩეულ იქნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს. ჩვენ ვხედავთ და გამოძიების მიხედვით, როგორც ჩანს, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაშუქებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვადასხვა ჯგუფებთან. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ვერ ასრულებს იმ როლს, რასაც ჰქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული. იყოს კონცენტრირებული, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდში არ იყოს“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილის თქმით, გუნდის შიგნით კორუფციული ფაქტების გამოვლენა, გუნდის ძლიერების მაჩვენებელია.
"როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც. სამართალდამცავი უწყებები მოწადინებულები არიან, მომართული არიან რომ ამ მხრივ პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობრივ საკითხებზე მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ხედავთ პროკურატურა, შსს, სუსი მოქმედებენ აქტიურად, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი... მნიშვნელოვანია, რომ დაპირება რაც პრემიერმა მისცა ხალხს, რომ კორუფციის სიმცირით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში შევა, სწორედ ამ დაპირების ნაწილია, რომ გვქონდეს აქტიური გამოვლენა კორუფციულ შემთხვევებზე. გუნდის სიძლიერეს ეს აჩვენებს, რომ მას აქვს უნარი, რომ თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები ესეც გამოავლინოს", - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისად, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
