თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
რაც შეეხება ახალაიას ოჯახის წევრების განცხადებებს, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბრალდებულის დაცვა ოჯახის წევრების და ადვოკატების საქმეა.
„რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება. მთავარი არის ერთი - თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დეტალებს გამოძიება დაადგენს.
„დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
„ვფიქრობ, 2026 წელი შეიძლება გახდეს გარდამტეხი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს ამ გზაზე ხელისუფლებას, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ მიაღწიოს ფასების შემცირებას, მათ შორის, მედიკამენტებზე.
„მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების მხარეს, ამაში შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და ა.შ. რაც არ გვიკვირს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყველგან ცდილობენ საბოტაჟს, თუმცა ეს მაინც გასაკვირია გარკვეულწილად. როგორ შეიძლება, მოახერხო ის, რომ დადგე მაღალი ფასების მხარეს, ეს მართლაც წარმოუდგენელია, თუმცა, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის სხვა - ჩვენი არჩევანია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე და როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეგვხვდეს ამ გზაზე, ჩვენი ზრუნვა არ შენელდება და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეს ეხება მედიკამენტებზე დადგენილ ფასებსაც“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა დღეს არის ქვეყნის განვითარება.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. იმდენად არის განულებული ამ პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს. ეს მათი არჩევანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე და ვიზრუნოთ ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ბიზნესი სრულად თავისუფალია და ეს პრინციპი ურყევად იქნება დაცული.
„ჩვენთვის არის მთავარი ერთი - როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი იქნება აუცილებლად თავისუფალი. ეს არის ურყევი პრინციპი, რომელსაც იცავს ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას 2012 წლის შემდეგ, არის სწორედ ეს, რომ ბიზნესი გათავისუფლდა და არის სრულად თავისუფალი. ამ პრინციპს დავიცავთ ურყევად, ვისთანაც არ უნდა იყვნენ დაკავშირებული კონკრეტული კომპანიები პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა კომპანია იქნება თავისუფალი და ყველა ექნება ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალება, მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად ავიცვათ საზოგადოება კარტელური გარიგებებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.
