ომბუდსმენი აქციებზე ნიღბების ტარების გამო დაწესებულ პატიმრობასა და ჯარიმებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

სარჩელით გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი არა მხოლოდ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებული შინაარსობრივი აკრძალვები, არამედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომებიც. კერძოდ, გასაჩივრებულია როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ასევე კანონით განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა.

ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც, რომელიც ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდეგ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ თავისუფლების აღკვეთას.

ომბუდსმენის პოზიციით, აღნიშნული ნორმები შესაძლოა არაპროპორციულად ზღუდავდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.