პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს იგი საკანონმდებლო ორგანოს მარტის პირველ კვირაში წარუდგენს.

პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა და მათი საკომიტეტო განხილვების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში.

ბიურომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონის ნორმას, რომელიც საჯარო სამსახურში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრულ ოდენობას არეგულირებს, დაემატება დათქმა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ნორმის მოქმედება არ გავრცელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული ქვედანაყოფის სტაჟიორის შრომის ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, კანონპროექტით კანონს დაემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურული ქვედანაყოფის სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიციირებული კანონპროექტით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იცვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს დასახელება. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად, მიეთითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მომავალ კვირას, პარლამენტში პლენარული სხდომები 3 და 4 თებერვალს გაიმართება.