ფასების საპარლამენტო კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა დადგენილების პროექტის რეგისტრაციისას განაცხადა. მან იმ პროცესის შესახებ ისაუბრა, რომელიც კომისიის შექმნამდე პარლამენტში წარიმართება.
„დადგენილების პროექტი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება გადაეცემა პლენარულ სხდომას და დღის წესრიგში შევა. კარგი იქნება თუ ხვალ მივიღებთ დადგენილებას, და პლენარული სესიის შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ჩაატაროს სხდომა და განსაზღვროს კომისიის შემადგენლობის რაოდენობა და კვოტები. ამის შემდეგ ოთხშაბათის (4 თებერვლის) დილის ბიუროსთვის ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს გთხოვთ წარმოადგინოთ ვინ იქნება თქვენი მხრიდან კომისიის წევრი. ოთხშაბათს ჩვენ გვექნება მეორე ბიუროც და შესვენებაც. შესვენებაზე, რომ ჩატარდეს კომისიის სხდომა, მიიღოთ დებულება, აირჩიოთ თავმჯდომარე და წარმოადგინოთ ცნობად ოთხშაბათსვე, შესაბამისად ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ხუთშაბათიდან კომისია სრულფასოვნად მუშაობის დაწყებას შეძლებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც შალვა პაპუაშვილმა 29 იანვარს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, კომისია 14 წევრისგან შედგება და მას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. რაოდენობიდან გამომდინარე პაპუაშვილმა ისიც განმარტა, როგორ გადანაწილდება პოლიტიკურ ჯგუფებზე კვოტები.
