11 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართება.
დღეს ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს მოუსმენენ.
კომისიის წევრები დარგის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმ პროცესებს განიხილავენ, რაც პროდუქტის თვითღირებულებაზე, მარჟებსა და საბოლოო სამომხმარებლო ფასზე ახდენს გავლენას.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.
