"ორნიშნა იქნება რაოდენობა" - რამდენმა ოჯახმა შეიძლება დატოვოს სოცდაუცველთა ბაზა?

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმების შედეგად ბაზას, სავარაუდოდ, ოჯახების ორნიშნა რაოდენობა დატოვებს. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს.

"პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ დრო, ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რადგან ცალკე აღებული ერთი კრიტერიუმის მიხედვით შეფასება არ გამოგვივა. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ვარაუდებზე, თუმცა ორნიშნა რომ იქნება ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც რეალურად დაუდგება ეს მომენტი, ვფიქრობ, ამაზე დამაჯერებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. ზუსტი პროგნოზის გაკეთებისგან უმჯობესია თავი შევიკავო", - ამბობს მინისტრი.