ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოტაჟის საქმეზე პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გვარამიას ასევე ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა.

ცნობისთვის, ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო უკვე შეფარდებული ჰქონდათ გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელთაც სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.