დღეიდან, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე იმჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.
დღეიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მისი ფუნქციებიც ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას "ოცნებამ" მხარი მესამე მოსმენით 2025 წლის 17 დეკემბერს დაუჭირა.
ამ სტრუქტურული რეფორმის შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა . 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, უწყების დაფინანსება, რომელიც 2025 წელს 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა, 40.7 მილიონ ლარამდე იზრდება (მატება 15.4 მლნ ლარია). შესაბამისად, იზრდება საშტატო ნუსხაც 341-დან 441 დასაქმებულამდე, ხოლო სახელფასო ფონდი 20.4 მილიონიდან 33 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.
თუმცა, ბიუჯეტის ციფრები მიანიშნებს, რომ აუდიტის სამსახურში გაუქმებული უწყებების კადრების სრულად შენარჩუნება მოხდება. კერძოდ, ანტიკორუფციულ ბიუროსა (121 თანამშრომელი) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში (84 თანამშრომელი) ჯამში 205 ადამიანი იყო დასაქმებული. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის სამსახური ორივე უწყების კადრებს სრულად გადაიბარებდა, მისი შტატი 205 ერთეულით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ბიუჯეტით ზრდა მხოლოდ 100 ადამიანზეა გათვლილი.
გარდა ამისა, გაუქმებული უწყებების ჯამური ბიუჯეტი 22.2 მილიონი ლარი იყო, აუდიტის სამსახურის დაფინანსება კი მხოლოდ 15.4 მილიონით იზრდება. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის პროცესში როგორც ანტიკორუფციული ბიუროს, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არსებული კადრების მიმართულებით მნიშვნელოვანი შემცირებაა დაგეგმილი.
