საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებში.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლის უზენაესობის პრინციპის დაცვის აუცილებლობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრნენ.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული.
„შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას. საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული“, - აღნიშნავს პრემიერი.
