გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და გამოძიების დაწყებას ითხოვს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ მის წინააღმდეგ მორიგი ცრუ და ცილისწამების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა.

ხაინდრავას თქმით, ტელეკომპანიამ ის კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ასევე მიმართავს საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.

„მინდა, გაგახსენოთ, რომ 2025 წლის 20 დეკემბერს შპს „სიცრუის ფორმულამ“ გაავრცელა აბსოლუტურად სიცრუით სავსე სიუჟეტი ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს საქმიანობაზე. ამ სიუჟეტში არცერთი სიტყვა მართალი არ იყო. ეს იყო მცდელობა, საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობის გამო ჩემთვის ზიანი მიეყენებინათ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, რომ შევიტანდი სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვდი არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი, მოსარჩელის სახელის, პატივის, ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამ განცხადებას მოჰყვა, ჩემი ღრმა რწმენით, დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც განხორციელდა 17 იანვარს იმავე შპს „სიცრუის ფორმულის“ შაბათის ეთერში. ბრალი დამდეს სახელმწიფო დანაშაულის ჩადენაში. ანუ, წინასწარი განზრახვით, შეთანხმებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტთან, სუს-თან და საზღვრის დაცვის პოლიციასთან კრიმინალური კავშირის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ტრეფიკინგის განხორციელებას არალეგალურად, ქრთამის სანაცვლოდ 2 000 ადამიანის შემოყვანას. ბრალი დამდეს, დამადანაშაულეს ქრთამის სახით 2 000 დოლარის აღებაში. საერთო ჯამში კი, ოთხი მილიონი დოლარის აღებაში.

სიუჟეტში გაჟღერებული იყო, რომ მე, სუს-თან შეთანხმებით, წინასწარი განზრახვით ჩავიდინე უმძიმესი დანაშაული. ეს ჩემთვის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაულია. ქვეყნის ღალატია, როცა ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოგყავს პოტენციური დამნაშავეები. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მივმართავ პროკურატურას და ვთხოვ, ჩაატაროს გამოძიება საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე, მე, სუს-ი, საზღვრის დაცვის პოლიცია თუ შპს „სიცრუის ფორმულა“. ორივე შემთხვევაში ჩადენილია უმძიმესი დანაშაული. იურისტებთან გავიარე კონსულტაციები და მაქსიმალური, რაც შეიძლება სარჩელის შედეგად იყოს გამოტანილი სასამართლოს მიერ, არის ის, რომ „სიცრუის ფორმულა“ დაავალდებულონ, ბოდიში მოიხადოს საჯაროდ. გარდა ამისა, 10 000 ლარის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს. ეს აბსოლუტურად არაზომადია იმ დანაშაულისა, რაც მათ აქვთ ჩადენილი. ადამიანს საჯაროდ როცა სდებ ბრალს ასეთ მძიმე დანაშაულში, პასუხისმგებლობა თანაზომადი უნდა იყოს. ეთერში, რომელიღაც 55-ე წუთზე ნათქვამი ბოდიში, რომელსაც, რეალურად, შეიძლება, ათი კაციც ვერ გაიგებს, არანაირად არ არის თანაზომადი იმ ცილისწამებისა, რაც ჩადენილია „სიცრუის ფორმულის“ მიერ.

ვფიქრობ, „ფორმულამ“ რაც განაცხადა, ისიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაწყებულიყო ძიება პროკურატურაში. საჯაროდ როცა სდებ ბრალს საქართველოს უშიშროების სამსახურს კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობაში, როგორც, მინიმუმ, საზღვრის დაცვის პოლიციაც მონაწილეობს, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, 2 000 არალეგალი ადამიანი შემოვიდეს ქვეყანაში ისე, რომ ერთი ან მეორე სახელმწიფო სამსახური საქმის კურსში არ იყოს? ეს ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ვითხოვ, პროკურატურამ დაიწყოს საქმის გამოძიება, ასევე ძიება უნდა ჩატარდეს სუს-სა და შსს-შიც, რათა მსგავს ფაქტებს რეალურად თუ ჰქონდა ადგილი, მძიმე დანაშაულში მონაწილე ადამიანები გამოვლინდნენ.

მეორე გარემოება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, ვინ დგას ამ დანაშაულის უკან. ამ დანაშაულის სულის ჩამდგმელი, დამფინანსებელი და ორგანიზატორი არის კრიმინალი, საქართველოდან გაქცეული, ძებნაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, რომლის ნაყაჩაღარი ფულით არსებობს შპს „ფორმულა“. ყველა თანამშრომელი არის თანამონაწილე იმ დანაშაულების, რასაც ჩადის კონკრეტულ შემთხვევებში ეს დაწესებულება, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიას ვერანაირად ვერ დავარქმევ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.