„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, გამოქვეყნდა წინასწარ დაწერილი დასკვნა, საქართველო მოწინავეა ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარებით - პრემიერი

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რეალურად პროცესი იყო ინიცირებული, მათ შორის, პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ექსპერტი თავად ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი.

„ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში. ასევე, მინდა, აღვნიშნო, ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული.

მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, როგორ გაგრძელდა შემდეგ ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთო-ს მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

„ორმაგი სტანდარტია ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.