საქართველოს შეუძლია, ეუთო-ს ბევრ ქვეყანას ასწავლოს დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად - კობახიძე

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე მზად ვართ, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება.

„საქართველოს სჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭვირვალობა. საქართველოს სჭირდება არა ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვა. საქართველოს სჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს სჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს სჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს სჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა სახელმწიფო მმართველობაში. საქართველოს სჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ „მოსკოვის მექანიზმის“ ავტორები, არამედ ის, რასაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის მშვიდობა, სუვერენიტეტი და წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და, როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოზე ზეწოლისთვის ვიწრო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცეს ეუთო-ს  „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი.

„ჩვენ ამის მცდელობებს გამუდმებით ვხედავთ. ესეც არის ერთი მორიგი მცდელობა, თუმცა დღემდე ეს მცდელობები ვერ იყო შედეგის მომტანი და მომავალშიც ვერ იქნება. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და, როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები, რაც ძალიან კარგად ჩანს თუნდაც იმ ტექსტიდან, რომელსაც ამოვიკითხავთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიდან“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად იმუშავებს პრაქტიკაში გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, მათ შორის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“ და ე.წ. ფარა, რომელიც ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანია, სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან. აღნიშნულმა კანონმდებლობამ სახელმწიფოს ხელი შეუწყო ქვეყნის დამშვიდებაში მას შემდეგ, რაც მას გარე დაფინანსებით ორგანიზებული რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივ მცდელობასთან გამკლავება მოუხდა. შესაბამისად, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული ქვეყნის ელჩს როდესაც უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე მეტყველებს ტრაგიკულობის ხარისხზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩს გასდის ვადა ივნისში და ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა.

„მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ყულევთან და „იმედთან“ დაკავშირებით მისი განცხადება ამის დასტურია. ევროპული ქვეყნის ელჩს როცა უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე მეტყველებს ტრაგიკულობის ხარისხზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამ კაცს გასდის ვადა ივნისში და საბოლოო ჯამში, ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა“, – განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია. შეუძლიათ, გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში, რადგან ქართული საზოგადოება შავსა და თეთრს კარგად არჩევს.

„იცით, რით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რით გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში? როდესაც საუბარია ძალადობაზე, გახსოვთ მათი ძალადობა მედიასაშუალებებზე, ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრებას შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. ახლა ეს კრიმინალები, დამნაშავეები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცებზე. ამ კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში, არც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, არც რაიმე სხვას, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს. რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია ოპოზიცია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება კობახიძემ გააკეთა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარები ვიდეოში სწორად ვერ პასუხობენ კითხვას, სად არის რუკაზე ირანი.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახეზეა კომპეტენციის კრიზისი.

„საქართველოსთან დაკავშირებით რომ ჩატარდეს იგივე გამოკითხვა ევროპარლამენტში, იგივე შედეგს მიიღებთ, მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ 600-დან 500 ევროპარლამენტარი აძლევს ხოლმე ხმას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არის კომპეტენციის კრიზისი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში. ეს გამოკითხვაც ამის მაჩვენებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით.

„აგენტურა რომ იქნებოდა კოორდინაციაში, ეს არ არის გასაკვირი. ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით. იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება“, – განაცხადა პრემიერმა.