ელექტროენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის ნულამდე დაყვანას სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა და სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული.
„რაც შეეხება იმპორტზე დამოკიდებულებას, ელექტროენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფერო და აქ, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობისგან და სხვა დარგებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობას აქვს ბევრად მეტი ფასი, ვიდრე სხვა დარგებში. აქ 90% არ არის ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეალურად, არის 71%, რადგან მთლიანობაში რომ ავიღოთ დენის იმპორტი და პლუს შესაბამისი გაზის იმპორტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ჯამში დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%. კრიტიკულ თვეებში, რვა თვის განმავლობაში არის დამოკიდებულება 42%. ეს, რეალურად, სტრატეგიული დამოკიდებულებაა იმპორტზე, რაც საჭიროებს ცვლილებას. სურსათზე დამოკიდებულება ბევრად უფრო მარტივი საკითხია, რადგან სურსათის იმპორტი შეიძლება განახორციელო სხვადასხვა ქვეყნიდან, უფრო დივერსიფიცირებულია ამ შემთხვევაში იმპორტის წყაროები. ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხარ ძალიან ვიწრო წრეზე, სუბიექტების, ქვეყნების. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში. ამიტომ ვართ განსაკუთრებით ორიენტირებული იმაზე, რომ აქ ვიყოთ 100%-ით თვითკმარი, ანუ ნულამდე დავიყვანოთ ელექტროენერგიის იმპორტი, რაც არის საშვილიშვილო საქმე. ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა. სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული.
რაც შეეხება არსებულის მოდერნიზებას, რა თქმა უნდა, ესეც არის გეგმის ნაწილი. მაგრამ, მაგალითად რომ ავიღოთ არსებული დიდი ჰესები და იქ კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, მაქსიმუმს ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევებში, ისიც ყველგან არა, 20%-ით შეიძლება გააუმჯობესო, გაზარდო გენერაციის მასშტაბი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი, არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს არ არის ალტერნატივა ახალი ჰესების მშენებლობისთვის და სხვა მიმართულებით გეგმების განხორციელებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება მოხმარების ზრდას, კობახიძის თქმით, საშუალო მაჩვენებელი არის 3.7% და ეს არის პროგნოზი მომდევნო წლებისთვისაც.
„ბუნებრივია, ესეც გეგმის ნაწილია. საორიენტაციო მაჩვენებლები, საპროგნოზო მაჩვენებლები არის ჩვენი გეგმის შედგენის ერთ-ერთი საფუძველი.
რაც შეეხება მაინინგს. გეთანხმებით, რომ აქ არის პრობლემები და ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ბატარეები – ესეც ჩვენი გეგმის ნაწილია. ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ დიდი ჰესების თემას, ანუ მარეგულირებელი, სტრატეგიული ჰესების თემას, აქ ძალიან მარტივად, თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე ჩაღრმავებაც არ სჭირდება ამას, თუ ზედაპირულად თუნდაც გავაანალიზებთ ჩვენი ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესს, ძალიან ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება. ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.
