ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი

ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად დავიწყეთ მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ძალიან მკაფიო ხედვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რათა მოქალაქეებს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებოდეთ.

„სამინისტროში არის სპეციალისტების გუნდი, კონკრეტულად დარგის სპეციალისტების გუნდი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უფრო ფართოდ არის გასაშლელი, ბუნებრივია, მსჯელობა და ღირებული იქნება გარე ექსპერტული ჩართულობა. ამას მხოლოდ მივესალმებით, ჩვენი სურვილი და ინტერესია, რომ მაქსიმალურად გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებასა და დამუშავებაში იქნებიან ჩართულები. რაც შეეხება დიდ ჰესებსა და ზოგადად ჰესებს, ეს არის პრობლემის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ეს უნდა იყოს, ბუნებრივია, საერთო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა მხედველობის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს არც გეგმის სხვა კომპონენტები. „ენგურჰესი“ არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და ამაზე აქტიურად არის სამუშაო. რაც შეეხება წარსულში არსებულ ხარვეზებს, ამაზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ. ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება და თუ ავიღებთ რამდენიმე წლის მონაცემებს, სექტორის განვითარების მაჩვენებლები არ არის სახარბიელო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სერიოზულობით მოვეკიდეთ ამ საქმეს და ამიტომ დავიწყეთ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს ძალიან მკაფიო ხედვა, წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ხედვა, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა, ეს ეხება როგორც დენს, ისე გაზს და, ასევე, ნავთობის მიმართულებას.

რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც არის დასახლებებში, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოგვცემს აქ ვითარების არსებითად გაუმჯობესების შესაძლებლობას, რისი საშუალებაც არ იყო წინა წლებში. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია და ტარიფის გადახედვა ჩვენ გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით. ზოგადად, იგეგმება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობაში, ახალი ხაზების მიმართულებით ჯამური ტრასის სიგრძე, გეგმის თანახმად, იქნება 855 კმ. რაც შეეხება ძველის რეაბილიტაციას, აქ დაგეგმილია 605 კმ პროექტების განხორციელება. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ კონკრეტულ გეგმას გავყვეთ. კომპლექსურია გამოწვევები, რომლებიც გვაქვს და რომლებიც დაგროვდა და ამ კომპლექსურ გამოწვევებს სჭირდება კომპლექსური გეგმით დაპირისპირება. გამოვხატავ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ყველასთან ამ გეგმის შემდგომი დამუშავების პროცესში. „შავ ხვრელებს“ რაც შეეხება, ყველა მიმართულებით არის დანაკარგები, გაზსადენებში, მილსადენებში, ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ამიტომ გვინდა, გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომლებიც ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს,“- აღნიშნა პრემიერმა.