საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც კარგ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდა საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა მათ შორის ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის.
მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
