უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე და იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ.
„სკამებით როდესაც ატარებ შეკრებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს და მხარდაჭერა არ გაქვს საერთოდ საზოგადოებაში. გუშინ ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, NGO-მ, სალომე ზურაბიშვილმა, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს. თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს. აქცია ჩაგივარდათ, ამ მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი. თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, აქცია ჩაგივარდა და რეალურად, 1 კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
აქციის მონაწილეებისთვის ლაზერის მინათების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს.
„ისინი, როგორც ჩანს, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები. შეიძლება, პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და სხვა „ნაციონალი“ ახალგაზრდები იყვნენ გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები, რატომ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში ამ რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, რომლის მორიგი აქტი ვიხილეთ ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს რადიკალურად მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან „ნაცმოძრაობას“.