ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება.
„ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა.
მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, უსაფრთხოების სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ყველა სამართალდამცავ უწყებას, მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მშვიდ გარემოში ტარდება ეს არჩევნები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე 26 ოქტომბრის ჩათვლით, სწორედ ასეთ გარემოში ჩატარდეს არჩევნები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
„ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ეს მიზანი, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება იყო სწორედ ამის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი არის განსაკუთრებული, რომელიც აქტიურად მუშაობას საფრთხეების პრევენციაზე.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად შემდეგი დღეების განმავლობაში. რამდენიმე დღე არის დარჩენილი 26 ოქტომბრის ჩათვლით და ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო, მშვიდი საარჩევნო გარემო და ასევე მშვიდი პოსტსაარჩევნო გარემო, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, ამისთვის ყველა უწყება იქნება მობილიზებული, მათ შორის განსაკუთრებით შსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო. საფრთხეების პრევენცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მშვიდ ვითარებაში საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება და ამისათვის იქნება მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება. მშვიდი საარჩევნო გარემო არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ამისთვის ჩართული იქნება მათ შორის შსს-ც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, იმისათვის, რომ დადგეს ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ 60%-მდე იქნება ჩვენი შედეგი. არის შესაბამისი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს მხარდაჭერა არის უპრეცედენტოდ მაღალი. 2012 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი გამოწვევების, შანტაჟის, ზეწოლის მიუხედავად, შევძელით ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახა და მესამე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დისკრედიტირებული, არ აქვს არავითარი რეპუტაცია, არის დანაწევრებული და დასუსტებული აბსოლუტურად. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად რეალური მოლოდინი, რომ 60% იქნება „ქართული ოცნების“ შედეგი, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დანარჩენი დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
უპრეცედენტოდ მაღალია ჩვენი მხარდაჭერა ამ არჩევნებზე, 928 000-იდან სავსებით რეალურია, რომ მილიონს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს ჩვენმა მხარდაჭერამ, ეს არის ჩვენი მოლოდინი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციასაც ჰყავდა რეგიონებიდან მობილიზებული ხალხი, მაგრამ თავისუფლების მოედნის გავსება ვერ შეძლეს.
„ოპოზიციასაც მთელი საქართველოდან ჰყავდა მობილიზებული ადამიანები, თუმცა ვერ შეკრიბეს ხალხი, ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. მობილიზაცია იყო, შემიძლია ციფრებით გითხრათ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს მათ რეგიონებიდან, თუმცა მაინც ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. ეს იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, ასეც იყო დაანონსებული, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება.
ჩვენ გვქონდა ხარჯები, მათ შორის ეს იყო ტრანსპორტირების, კვების ხარჯები და ეს ხარჯები იქნება დეკლარირებული ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე. რაც იყო დახარჯული ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, ხარჯები იყო მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი იქნება დეკლალირებული ანტიკორუფციულ სამსახურში. ასეც და ისეც თქვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო გამოსული, რამდენჯერმე მეტი, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბრობენ საარჩევნო გარემოზე, უნდა ისაუბრონ ფაქტებით.
„ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, როგორც კი დასრულდება არჩევნები და დასრულდება ომი უკრაინაში. რეალურად, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეცდება, რომ შემოიტანოს არეულობა, თუმცა ამის რესურსი მათ არ აქვთ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე არა მხოლოდ არჩევნების ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდშიც,“- განაცხადა პრემიერმა.