შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EURONEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
Euronews-მა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც ტელეეთერში პარასკევს გავა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას.
„არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, 4 %-ს ჩამოცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის. მისივე განცხადებით, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, შერიგების გარეშე გამთლიანება ვერ შედგება.
„სიღარიბის აღმოფხვრის ნაწილში, რა თქმა უნდა, უფრო მეტია უშუალოდ ჩვენზე დამოკიდებული. როგორც უკვე ითქვა, 4 %-ს ჩამოცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის და საშუალოვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ამ მაჩვენებლის განულებას, სიღარიბის სრულად აღმოფხვრას. რაც შეეხება მეორე ეროვნულ ამოცანას - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, აქ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებზე, განვითარებაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ეროვნული ამოცანის შესრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი მშვიდობიანი პოლიტიკის, სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების მნიშვნელობას. შერიგების გარეშე გამთლიანება ვერ შედგება. ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც ასეთი, პირველ რიგში, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა არის ურთიერთობების აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან და ამ მიმართულებით მომავალში ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. გეგმები არის ძალიან ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, ეს ქვეყანა არასდროს არავის დაუგირავებია.
„არავის არ უკადრებია არა მარტო დაგირავება ამ ქვეყნის 3000 წლის მანძილზე, არამედ არც ამ ტერმინებით საუბარი. საქართველოს ვერავინ ვერასდროს დააგირავებს. ჩვენ გვქონდა 9-წლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს აგენტურა მართავდა და მაშინაც არ იყო ეს ქვეყანა დაგირავებული. დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყნისთვის მშვიდობას, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. რა არჩევანიც დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, ეს იქნება სწორედ არჩევანი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის სასარგებლოდ, მშვიდობის სასარგებლოდ. ამ არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს.
საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ. საქართველო ისტორიის მანძილზე არასოდეს არავის დაუგირავებია და ვერც ვერავინ დააგირავებს, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ყველაფერი ვიღაცას.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ის გადაიტვირთება აუცილებლად, მას შემდეგ, რაც გადაივლის ეს არჩევნები და მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში. ვერავინ ვეღარ აკადრებს საქართველოს საუბარს იმაზე, რომ ქართველი ხალხი პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და ტყიდან უნდა იომოს გლობალური ინტერესებისათვის. ასეთ საუბრებს აღარავინ აღარ აკადრებს საქართველოს, იმის შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია.
„როგორც იცით, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი, ხოლო ევროპა ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. საქართველოსთვის ევროპა ყოველთვის იცავდა, უფრთხილდებოდა ქრისტიანობას. სწორედ ამიტომაცაა ევროპა ბუნებრივი არჩევანი საქართველოსა და ქართველებისთვის, სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომ გვინდა ჩვენ, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია. ამიტომაც ვიღვწით ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტისკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერება და ჩვენ გვაქვს, კონკრეტულად, ევროინტეგრაციის მიმართულებით ამბიციური გეგმა, რომ 90 %-ზე მეტი შევასრულოთ იმ ვალდებულებებისა, რომლებიც არის გათვალისწინებული, როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა.
„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისთვის ყველა პირობა იქნება მომზადებული, საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, 2030 წელს. ყველა თვალსაზრისით, როგორც ვალდებულებების შესრულების კუთხით, ისე ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით და ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თუ ნებისმიერი სხვა ასპექტი, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების უკეთესი პირობები,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.