"გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან" - პრემიერი

ჩვენ ვართ მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევნების მოლოდინში. ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული გამოწვევებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ეს არჩევნები ასევე წარმოადგენს რეფერენდუმს მშვიდობისა და ომის საკითხზე.

„ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი. მეორე მხრივ, საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მისივე თქმით, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის თითქმის ორნიშნა მაჩვენებელი - ყველაზე მაღალი შედეგი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი.

„2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 9.7%-ს. წლევანდელი წინასწარი მონაცემებით კი, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასე, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე საქართველოს არ მიიღებენ, როგორც ევროკავშირის სრულფასოვან წევრს“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  ევროპა ბუნებრივი არჩევანია საქართველოსა და ქართველებისთვის.

 

„ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი, ხოლო ევროპა ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. საქართველოსთვის ევროპა ყოველთვის იცავდა, უფრთხილდებოდა ქრისტიანობას. სწორედ ამიტომაცაა ევროპა ბუნებრივი არჩევანი საქართველოსა და ქართველებისთვის და სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი, თუ რატომ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია. ამიტომაც ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის ერთგული ვართ“, - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ საკითხზე ოპოზიციის მანიპულაციები უადგილოა.

 

„ოპოზიციის მხრიდან ამ ტიპის მანიპულაციები უადგილოა. ეს მათი არჩევანია, მათი საქმეა, ყოველივე ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, თუ რა დონეზეა დიალოგი ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების თაობაზე და როგორია შემდეგი ეტაპი ამ მხრივ საქართველოსთვის, პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული გამოწვევებია დიალოგის თვალსაზრისით.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ვდგავართ გარკვეული გამოწვევების წინაშე დიალოგის თვალსაზრისით. თუმცა, ზოგადად, თუ შევაჯამებთ ჩვენი პოლიტიკის  შედეგებს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარმატებით გადადგა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციისკენ.
ჯერ კიდევ 2014 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ შეთანხმებას. ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენ ასევე მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ევრონიუსის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.