"ძლიერი საქართველო" ვქმნით შტაბს, სადაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები შეგროვდება - დოლიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველო" საგანგებო შტაბს ქმნის, სადაც ყველა იმ სისხლის სამართლის დანაშაულზე მტკიცებულებებს მოაგროვებენ, რომელსაც ოპოზიციის თქმით, ადგილი ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

განცხადება ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. 

მილიონ ნახევარმა ადამიანმა მოგვცა ხმა პროევროპულ არჩევანს გაყალბების გარეშე. მივიდა, გადაიარა 9 მთა, 9 ზღვა. გაყალბების ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ "ძლიერ საქართველოში" გავაკეთებთ შტაბს, სადაც შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რადგან ეს არ არის ვიღაცის კუდრაჭობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ გაყალბებული და მოპარული არჩევნების პირობებშიც კი, ოპოზიციის გამარჯვება სახეზეა, ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ მისი სათქმელი საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ უნდა დაანახოს.

ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს შევატყობინებთ ჩვენ პროტესტს, რისხვას ამ ფაქტთან დაკავშირებით. გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. ბრძოლა, ალბათ, სხვადასხვა ფორმით იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ბრძოლა მალე მოიტანს შედეგს იმიტომ, რომ მარტო დარჩენილი "ქართული ოცნება", რომელიც თავის თავს ელაპარაკება, თავად "ქართული ოცნებისთვისაც" არ არის საინტერესო.", - ამბობს ანა დოლიძე.