ეს არის არჩევნები, რომელიც მოპარულია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ შეფასებას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა, მოპარულია და ამას ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს.

ჟურნალისტის კითხვაზე: რატომ არ შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად, პრეზიდენტი ამბობს:

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან, მათ ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია აქვთ მისაღები. დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს ინციდენტების შესახებ. ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე. შედეგები ეწინააღმდეგება ყველა გამოკითხვის ტენდენციას, რაც ამ ქვეყანაში ჩატარდა, განსაკუთრებით „რუსული კანონისა“ და ქუჩებში პროტესტის შემდეგ და რომელიც აჩვენებს, რომ ხალხს სურს შეინარჩუნოს თავისი ევროპული გზა. ეს არის არჩევნები, რომელიც მოპარულია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ შეფასებას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.