„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ითხოვს, საქართველოში არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს.
გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, მათ შორისაა მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა.
ამავდროულად, ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებენ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას.
„როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად.
მეორე – არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არათუ შესვლას არ ვაპირებთ, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს.
მესამე – ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, ერთად გავიმარჯვებთ.
მეოთხე – ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.