ოპოზიციის წევრები ელჩებს შეხვდნენ

სამი ოპოზიციური პარტიის ერთობა ელჩებს შეხვდა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ანგარიში გადასცეს. შეხვედრა კოალიცია ძლიერი საქართველოს ოფისში გაიმართა და 1,5 საათი გაგრძელდა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები.

ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციასა და იმას, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნები არჩევნების ლეგიტიმურობას ამ დრომდე არ აღიარებენ, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც ოპოზიციის წევრები საუბრობენ მათ შეფასებებზე. საუბარი არამხოლოდ არჩევნების დღეს დარღვევებს, არამედ საერთაშორისო გამოძიების საკითხსაც შეეხო. ამასთან, კითხვები დაისვა სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებითაც. 

ერთობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, დიპლომატებს აუხსნეს, რომ სამოქმედო გეგმის ფუნდამენტური ნაწილი საპროტესტო აქციებს შეადგენს:

"ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს, ქართული ოცნების სახით და არავინ, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობა ექნება ხელისუფლებას".