"უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში" - პრემიერი

ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან  ინტერვიუში განაცხადა.

 

პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და მოლდოვას შედარებისას სახეზეა მ კაფიო უსამართლობა, ისევე, როგორც ეს იყო მაშინ, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა.

„მოლდოვაში იყვნენ საკმაოდ გავლენიანი კანდიდატები, რომლებსაც ხელოვნური საბაბით უარი უთხრეს საარჩევნო რეგისტრაციაზე. იყო სერიოზული ხარვეზები კონკურენტულობის კუთხითაც, სხვა საკითხებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა მიხედოს საკუთარ არჩევნებს, მაგრამ უსამართლობაა აშკარად. იგივე უსამართლობა იყო გამოხატული, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს -არა. მოგვიანებით მოლდოვასთან გაიხსნა მოლაპარაკებები, საქართველოსთან - არა. აქაც არის ორმაგი სტანდარტი და სრული უსამართლობა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვნად წინ უსწრებს მოლდოვას მრავალი პარამეტრით, იქნება ეს ინსტიტუტების სიძლიერე, კორუფციის სიმცირე, ეკონომიკის განვითარება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.

„დახურეს პრაქტიკულად  ყველა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ტელევიზია და არსებითად დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი. ეუთო/ოდირს აქვს ნათქვამი თავის ანგარიშში, რომ ისინი მთლიანად ემსახურებოდნენ მმართველი ძალის პოლიტიკურ ხაზს. არ არის მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, პირდაპირ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები,  მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია. პრაქტიკულად, რასაც ჰქვია ოპოზიციონერი დეპუტატი, არ დატოვეს პარლამენტში. ამ პირობებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ დროს, როცა გვესმის განსხვავებული შეფასებები საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის ცალსახა უსამართლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იგივეა, როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა, ისევე, როგორც არ ყოფილა მოწოდებები მოლდოვასთვის, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რაზეც საქართველოს ესაუბრებიან.

„დღემდე არ გვეშვებიან, გვესაუბრებიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ბოლოს ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც გარისკეს და ასეთი ჩანაწერი ჩადეს. მოლდოვას დღემდე არ დაუწესებია რუსეთისთვის სანქციები. თუ მაჩვენებთ არათუ ევროპარლამენტის რეზოლუციას, კუბილიუსების და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების ერთ მოწოდებას მაინც მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ დააწესოს რუსეთისთვის სანქციები, მაშინ შეიძლება სხვანაირად ვისაუბროთ, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ არის ერთი და იგივე მოცემულობა, არც ჩვენ დავაწესეთ სანქციები, არც მოლდოვამ, იქ საერთოდ ხმას არავინ იღებს, საქართველოსთან დაკავშირებით მთელი კამპანია არის გაშლილი. თან მოლდოვა დსთ-ს წევრია, აძლევენ კანდიდატის სტატუსს, უხსნიან მოლაპარაკებებს. არის აშკარა უსამართლობა. რატომ ხდება ეს უსამართლობა, ამაზე ყველაზე კარგი პასუხი ჟურნალისტებს ალბათ გასცეს ბატონმა ორბანმა და ბატონმა სიიარტომ, უნგრეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა - არის აშკარა მიკერძოება. ყველაზე სამწუხარო ის არის, თუ რა უდევს საფუძვლად ამ მიკერძოებას და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეროვნული იდენტობის და ფასეულობების მიმართ. ვიღაცებს, სამწუხაროდ, ეს არ მოსწონთ, არიან გავლენიანი ძალები და საბოლოო ჯამში, ეს გავლენიანი ძალები იმგვარ ზეგავლენას ახდენენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აჩენს უსამართლობის განცდას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა  კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კანონის კონტექსტისა და შინაარსის საწინააღმდეგო არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია.

„არგუმენტების გარეშე საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დავიწყოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით - წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრება, თუ აქვთ კონტექსტთან დაკავშირებით. უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ვიდრე დავაინიცირებდით „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. 2020-2021 წლებში მათ ჰქონდათ ხელისუფლების ცვლილების, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სურვილი. სწორედ მათ მოუმზადეს საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიას, რაც, საბედნიეროდ, ვერ შეძლეს. მათ მოუმზადეს საფუძველი მოლაპარაკებებს, მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. ამ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ მცდელობა დარჩა ფაქტად. მეორე -  როდესაც 2024 წელს უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, ისინი პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც ვერანაირად ვერ იქნება განხილული ენჯეოს საქმედ და მოითხოვეს საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. ეს არის კონტექსტი. თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით შენ ცდილობ მთავრობის შეცვლას, ღიად და გამოხატულად, მაშინ კი ბატონო, ავწევთ ორივე ხელს, მაგრამ ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით კონკრეტული ადამიანები ითხოვენ მთავრობის შეცვლას და საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირებას. რაც შეეხება კანონის შინაარსს, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, არის გამჭვირვალობა, ისიც მინიმალური სტანდარტით. წელიწადში ერთხელ, ენჯეოებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ყოველწლიური დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში. თუ არ წარადგენენ, თუ უხეშად მოეპყრობიან კანონმდებლობას, იქაც მინიმალური სანქციები, ჯარიმებია მხოლოდ გათვალისწინებული. არავითარი ჭარბი კონტროლის მექანიზმები, არავითარი ჩარევის შესაძლებლობა, არავითარი შეზღუდვა, რაც შეიძლება მოქმედებდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. ანუ, სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით ობიექტურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ჩვენ არავითარი ღირებული არგუმენტი არ მოგვისმენია. მე პირადად შევთავაზე, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, დიპლომატებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ, დავმსხდარიყავით, გვემსჯელა ამ კანონთან დაკავშირებით. ყველამ უარი თქვა, ან ყველას ათქმევინეს უარი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა „არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვისა და  ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პაკეტი  ადამიანის უფლებების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

„ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არის თვისებრივად გაუმჯობესებული 2012 წლის შემდეგ. ხელისუფლების საქმე არ არის არავის პირადი ცხოვრება, ჩვენ ვერ შევიჭრებით ვერავის პირად ცხოვრებაში, არც ჩვენი საქმე არ არის, განვსაჯოთ ვინმეს ცხოვრების წესი. ეს არ არის არც ამ კანონის რეგულირების სფერო. ერთადერთი, რასაც უპირისპირდება ეს კანონი, არის პროპაგანდა, რომელიც უპირისპირდება ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ დოგმებს. ამ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რა არის - როდესაც ეხები რელიგიურ დოგმებს, საბოლოო ჯამში, საფუძველს აცლი ნებისმიერ რელიგიას. ამ პროპაგანდის ერთადერთი მთავარი სამიზნე არის ქრისტიანობა, როგორც ასეთი. როგორც კი ქრისტიანულ დოგმებს მოერევი, მაშინვე რელიგიას აღარ აქვს თავისი დატვირთვა და ამას ემსახურება ასეთი პროპაგანდა. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ტრადიციული რელიგია და ამას ემსახურება რეალურად ის კანონი, რომელსაც ვიღებთ. თუ ვინმე რაიმე საპირისპიროში დაგვარწმუნებს, კი ბატონო, მაგრამ აქ ელემენტარულ საკითხებზეა საუბარი. ჩვენი ოპონენტები უარყოფენ, რომ თითქოს ეჭვქვეშ არავინ აყენებს იმას, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია, მამა მამაა, დედა დედაა, თუმცა ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი გავრცელებული ტენდენციაა, რომ როდესაც გინდა, შეცვალო სქესის შესახებ ჩანაწერი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, არ მოგეთხოვება არაფერი, მოითხოვ და უნდა შეგიცვალონ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში უკვე ეს კანონმდებლობა არის მიღებული. სასამართლო პრაქტიკაა იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი კაცი აღარ არის, ქალი ქალი აღარ არის. შენ თუ ხარ კაცი, მაგრამ მოგინდება ჩაეწერო ქალად,  უნდა მოგცენ ამის ნებართვა და თუ ხარ ქალი და გინდა ჩაეწერო კაცად, ამის ნებართვაც უნდა მოგცენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი ტენდენციები, რბილად რომ ვთქვათ და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა, რომ რაც არის ობიექტური სინამდვილე, იმის ასახვა ოფიციალურ დოკუმენტებში იყოს უზრუნველყოფილი კანონმდებლობით“, -  აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოფიციალურ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს ობიექტური რეალობა.

„გეუბნებიან, რომ არსებობს ობიექტური რეალობა, მაგრამ შენ როგორც აღიქვამ საკუთარ თავს, ისე უნდა იყო მითითებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. 10 წლის წინაც კი, ალბათ გიჟად ჩაგთვლიდნენ,  რომ გეთქვა,  შეიძლება სერიოზულად განიხილოს ვინმემ ეს ყველაფერი. დღეს ეს არის ფაქტი, რეალობა და ამ რეალობას უპირისპირდება მხოლოდ და მხოლოდ ის პაკეტი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ადამიანის ქცევის წესი არის მისი გადაწყვეტილება, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, არ მოსწონდეს, შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ესა თუ ის დამოკიდებულება, მაგრამ ამაში ხელისუფლება არც ერევა და ვერც ჩაერევა, მით უმეტეს ვერავითარი შეზღუდვა ვერ დაწესდება და ვერავინ გაკიცხავს ადამიანს ამის გამო, მით უმეტეს ვერ დასჯის, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, იმდენად საშიში სახე მიიღო ამ პროპაგანდამ, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, ამისთვის დაგვეპირისპირებინა კანონმდებლობა. ელემენტარულ, მინიმალურ, რაციონალურ ნორმებზეა საუბარი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, ურთიერთობების გადატვირთვა უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აქტიურად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ შეიძლება, იყოს ჩვენი ხელწერა. ბუნებრივია, ამერიკელი ხალხი თავად გააკეთებს არჩევანს. რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებებიც იქნება ორი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში და ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს იმას, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით - ერთი, რომ იღუპებიან ადამიანები და რაც მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი და მეორე, ჩვენზე ზეწოლაც შემცირდება, როგორც კი ეს ომი დასრულდება. ჩვენ ბევრად უკეთესი ვითარება გვქონდა ურთიერთობების კუთხით ომის დაწყებამდე. ყველაფერი არია ომის დაწყებამ, გაჩნდა განსხვავებული ინტერესები. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ მაშინვე თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. რაც შეეხება ტრამპის და ჰარისის შესაძლო გამარჯვებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც, ორივე შემთხვევაში, მომავალ წელს ომი აუცილებლად დასრულდება. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად, არსებითად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში. გადატვირთვის დაწყების ვადაზე და თარიღზე უფრო მეტად არჩევნების შედეგებს ექნება გავლენა, მაგრამ რაც შეეხება გადატვირთვას, ვფიქრობ, მომავალი წლიდან ურთიერთობების გადატვირთვა ასეც და ისეც დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.