"ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს" - პრემიერი

გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით არჩევნებს საქართველოში, არჩევნებს აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან.

 

„ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას - ერთი, ეს იყო არჩევნები საქართველოში, მეორე იყო არჩევნები აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც დასრულდება ძალიან მალე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით და ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე გნებავთ კანონებთან, გნებავთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ძალიან კარგად განვითარდება პროცესები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან “, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში.

„რაც შეეხება აქციას, ყოველდღიურად ადამიანების რაღაც რაოდენობა იკრიბება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ეს თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა. თუმცა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. პირიქით, ეს არის საჩუქარი რეალურად ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას. ზუსტად ასეთივე საჩუქარია მისი და მისი ერთი-ორი მეგობრის ვიზიტი პოსტ საარჩევნო პერიოდში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დელეგაციის წევრთა ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს.

 

„ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, ამას პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება, შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი, ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავად არ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ, არის შესაბამისი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ. 

 

„4 წლის წინ ოპოზიციას ჰქონდა იგივე მცდელობა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რადგან ჩვენ მაშინ იძულებული გავხდით, გარე ჩარევის გამო, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე, ახლა მათ ამის რესურსიც არ აქვთ, შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება პროცესები. უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკოს მხრიდან არჩევნების შედეგები, შემდეგ თვის ბოლომდე გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით, თვის ბოლომდეც შეიძლება, მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს და მათ მხარეს არის საზოგადოების პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ეს არის. მათ სცადეს ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.