„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერიდებოდნენ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს.
„ისინი ერიდებოდნენ ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა დასრულებულია არჩევნები და უფრო თამამად ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც გარედან იღებენ. ისინი, რეალურად, ხედავენ, რომ მათ არაფერში აწყობთ ამ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ, მათი პატრონები, გარედან, მათ უწევთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არის აბსოლუტურად არაპოპულარული. გახსოვთ, თავის დროზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, როცა ის მიიღებოდა პარლამენტში. ესეც, რა თქმა უნდა, იყო დავალების შესრულება, არაფერში აწყობდათ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლაც მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არის კიდევ უფრო მძაფრი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არაერთი მიმართულებით სამწუხარო ტენდენციები კიდევ უფრო მძაფრად გამოიკვეთა.
„ჩვენ თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ კანონში რაიმე არის ცუდი, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ნორმა, რომელიც არის გაწერილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში, ემსახურება სწორედ შესაბამის ინტერესებს, ეს ემსახურება საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს.
იგივე ეხება გამჭვირვალობის კანონს. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და არა პირიქით, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია დისკუსიისთვის. მე პირადად, არაერთხელ მოვიწვიე დებატებში თუ დისკუსიაში შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის, უცხოელი დიპლომატები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკური პარტიები. ყოველ ჯერზე ისინი ამბობდნენ ამ დისკუსიაზე უარს იმიტომ, რომ სინამდვილეში არაფერი აქვთ სათქმელი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვართ ღია დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები და არა ასეთი უხეში საუბრები, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც მზად ვართ საჯარო დისკუსიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დისკუსია შედგეს საჯაროდ, საზოგადოებამ მოისმინოს რეალურად ეს დისკუსია და გაირკვეს, რა არის ამ დისკუსიის შინაარსი. დღემდე ჩვენ რასაც ვხედავთ, ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით და არიან ამ კანონების ოპონენტები, რომლებიც არგუმენტების გარეშე აკეთებენ უხეშ განცხადებებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შედგეს საჯარო დისკუსია. საზოგადოების თვალწინ უნდა შედგეს ასეთი საჯარო დისკუსია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ან ერთი ან მეორე მიმართულებით რაიმე სამართლებრივი პრინციპები ირღვევა, ან სხვა კუთხით არის პრობლემური ესა თუ ის კანონი, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.