გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში - პრემიერი

საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად.

 

„საკანონმდებლო რეფორმებით, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით, წინ მივიწევთ ამ გარდაქმნის გზაზე.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში შევიმუშავეთ 15 კანონქვემდებარე აქტი სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები 2024 წელს შევიდა და ის უკვე ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან ახალი მშენებლობებისგან გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილებას, ხოლო არსებული შენობებისგან სავალდებულო სტანდარტის დაცვას მოითხოვს.

საქართველომ ასევე დაამტკიცა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ და 8 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს  მიზნად; დაგეგმილია  ბიოსაწვავის რეგულირება და განახლებადი ენერგიის მონტაჟის სერტიფიცირება 2025 წლამდე. გარდა ამისა, გერმანიისა და აზიის განვითარების ბანკების მხარდაჭერით ვიკვლევთ მწვანე წყალბადის შესაძლებლობებს, ხოლო მსოფლიო ბანკთან ერთად შემუშავებული „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ,“- განაცხადა პრემიერმა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ეროვნული სამოქმედო გეგმის, ისევე როგორც ინტეგრირებული ენერგეტიკული და კლიმატური ცვლილების გეგმის თანახმად,  ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება, ხოლო ენერგოეფექტურობა 2030 წლამდე პერიოდში გაუმჯობესდება.


განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რადგან გვაძლევს პარტნიორების ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებზე წვდომას. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი განახლებადი ენერგიის პროექტების დაჩქარებას, შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროკავშირის სტანდარტებთან ნახშირბადის ფასების დაახლოებას. ამ ძალისხმევის განხორციელებით, გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნისა და ემისიების შემცირების იდეისადმი საქართველო სრულ ერთგულებას გამოთქვამს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ

„ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.