ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი.
„საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები.
„გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც თუ დაგვიმტკიცებენ, რომელიმე პუნქტთან მიმართებით რომ აქ რაიმე ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ან ზოგად ღირებულებებს, კი ბატონო, მაგრამ აქაც საჭიროა სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად სიღრმისეული, საჯარო დისკუსიისთვის. სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს ეს დისკუსია, თუ იქნება ასეთი დისკუსია, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, მაგრამ მთავარია, წარიმართოს არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია ერთ და მეორე საკითხთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას და თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად.
„პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. ვინც ერკვევა ელემენტარულ იურისპუდენციაში, რა თქმა უნდა, დაადასტურებს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.
„პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობაში, ისინი ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა.
„თქვენ იცით, რომ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, იყო უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა წინა საარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები წარიმართა არსებითად ელექტრონული წესით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დაითვალა ელექტრონული წესით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია შეეჯახა ელექტრონულ აპარატებს და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები, შესაბამისად, შესადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ბუნებრივია, არის მძიმე მდგომარეობაში ამიტომ ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“, - განაცხადა პრემიერმა.