"ქვეყანაში მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში" - პრემიერი

ჩვენ 4 წლის თავზე ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, არის ცარიელი პიარი და სინამდვილეში ასეთ აქტებს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება.

„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნებში, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, გრძელდება არაერთი პროექტის განხორციელება, ვიწყებთ ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის ის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი, რაზეც მე პარლამენტში გამოსვლისას ვსაუბრობდი - ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. კარგი ტემპი გვაქვს აღებული, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ შემცირებულიყო კიდევ უფრო მეტად კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რა თქმა უნდა.

მთავრობის საქმიანობა არის სრულად გამჭვირვალე, საქართველოს მთავრობის ყველა განკარგულება, ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, გამჭვირვალედ, იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის ის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“- განაცხადა პრემიერმა.