ყველაფერი 21 წლის შვედ აქტივისტზე, რომელსაც მსოფლიო იცნობს

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ გრეტა თუნბერგზე. გრეტა, რომელიც შვედი აქტივისტია, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს რუსულ პროექტად მიაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომლებიც გაზაფხულიდან მოყოლებული, ყველა აქციაში მონაწილეობენ და ყველა კრემლისტურ ნაბიჯს ხმამაღლა აპროტესტებენ, თვლიან, რომ გრეტა საქართველოში „ვიღაცამ“ მიზანმიმართულად ჩამოიყვანა. ვინ არის ეს „ვიღაც“? სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილი პირად საუბარში დაუფარავად ამბობს, რომ შვედი გოგონა რუსულმა სპეცსამსახურებმა „დაითრიეს“ და თავიდან ბოლომდე მათი გავლენის ქვეშაა. ამის დამადასტურებელი ფაქტები, ცხადია, არ არსებობს, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, რატომ ჩამოვიდა გრეტა საქართველოში ახლა და, მით უმეტეს, რატომ გამართა 11 ნოემბერს აქცია თბილისის ცენტრში?
ვიდრე ამ „საიდუმლოს“ ამოვხსნით, მოდით, ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ არის გრეტა.

ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, გრეტა თუნბერგი 2003 წლის 3 იანვარს დაიბადა და მსოფლიოში ცნობილია, როგორც შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი. თავის დროზე, მან წამოიწყო „სასკოლო გაფიცვები“, რასაც საერთაშორისო აღიარება მოჰყვა. სხვათა შორის, გრეტა ცნობილია პირდაპირი და ხისტი საუბრით.
2018 წელს, როცა 15 წლის იყო, ყოველ პარასკევს, გრეტა შვედეთის პარლამენტის წინ მიდიოდა და მოითხოვდა, რომ შვედეთის მთავრობა აქტიურად ჩართულიყო კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ კამპანიაში. მალე გრეტას სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
2019 წელს, ჟურნალმა Time, გრეტა წლის ადამიანად დაასახელა. 2019 და 2020 წლებში, გრეტა, ასევე, ნომინირებული იყო  ნობელის პრემიაზე.

ცხოვრების ადრეული წლები
გრეტა თუნბერგი, როგორც აღვნიშნეთ, 2003 წლის 3 იანვარს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, საოპერო მომღერლის მალენა ერნმანისა და მსახიობის სვანტე თუნბერგის ოჯახში დაიბადა. პაპამისი მსახიობი და რეჟისორი ოლოფ თუნბერგია.
თუნბერგმა პირველად კლიმატის ცვლილების შესახებ 2011 წელს შეიტყო, როდესაც ის რვა წლის იყო და დაინტერესდა, თუ რატომ კეთდებოდა მცირე რამ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. ამის გაგების შემდეგ, გრეტა დეპრესიაში ჩავარდა, შეწყვიტა ლაპარაკი და ჭამა, ორ თვეში დაკარგა ათი კილოგრამი. საბოლოოდ, მას დაუდგინეს ასპერგერის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და შერჩევითი მუმიზმი.
ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში, თუნბერგმა თავის დაავადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ „მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში საუბრობს“.
გრეტა სამი-ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, სანამ სკოლაში გაფიცვას დაიწყებდა. როდესაც პროტესტი პირველად დაიწყო, მშობლებმა მხარი არ დაუჭირეს. გრეტას მამამ ამბობდა, არ მომწონს, სკოლას რომ აცდენსო:
„ჩვენ პატივს ვცემთ მას, რომ მას სურს პროტესტი. მას შეუძლია სახლში იჯდეს და იყოს ნამდვილად უბედური, ან გააპროტესტებს და ბედნიერი იქნება“. 
გრეტა თუნბერგს მიაჩნია, რომ გლობალური დათბობის გამო, კაცობრიობა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის და პასუხისმგებლობის გრძნობას უზრდის მოზრდილთა დღევანდელ თაობას. 
თუნბერგი აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებას არაპროპორციული გავლენა ექნება ახალგაზრდებზე, ის ამტკიცებს, რომ ახალ თაობას, შესაძლოა, მომავალი აღარ ჰქონდეს.
„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ“, - თქვა გრეტამ 2019 წლის, გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე. სტატია სრულად იხილეთ აქ