საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 17 ნოემბერს გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ რუსეთში მას დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა და გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნილად.
კეზერაშვილი წერს, რომ მან არ იცის ამ ე.წ. საქმის შესახებ და მისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა „ამჯერად რა შეთხზეს მისი დევნისა და დისკრედიტაციისთვის“.
„ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც. საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში, აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს „უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად.საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას“, - წერს დავით კეზერაშვილი.